გასულ წელს, მინიმალური საათობრივი ანაზღაურების მიმართულებით დარღვევები 68 კლინიკაში გამოვლინდა.

ამის შესახებ სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

„მინიმალური საათობრივი ანაზღაურების საკითხის შემოწმების ნაწილში განხორციელდა 520 სამედიცინო დაწესებულების ინსპექტირება. აღნიშნულიდან, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე განხორციელდა 500, ხოლო დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე - 20 ინსპექტირება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაცემულ იქნა 68 კლინიკის მიმართ,“ - ნათქვამია ანგარიშში. 
შეგახსენებთმ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან მედპერსონალისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურების არეალი გაფართოვდა.

ექიმებისა და ექთნების შემდეგ ეს პრინციპი სანიტრების, ბებიაქალების, ექთნის თანაშემწეებისთვისა და უმცროსი ექთნებისთვისაც ამოქმედდა.

მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ასეთია:

ექიმისთვის − არანაკლებ 7 ლარისა საათში;
ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;
უმცროსი ექიმისთვის – არანაკლებ 5 ლარისა საათში;
ექთნის თანაშემწისთვის – არანაკლებ 3.5 ლარისა საათში;
ბებიაქალისთვის – არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;
სანიტრისთვის – არანაკლებ 3 ლარისა საათში.


რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. 

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების და ექთნების მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა.

jandacva.ge