წლის ბოლომდე, დაფინანსების DRG-სისტემა მშობიარობას, საკეისრო კვეთასა და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობას შეეხება. ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა დეტალები არ გახმაურებულა. როგორც ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი მაია მახარაშვილი jandacva.ge-სთან განმარტავს, ტარიფების გამოთვლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ახალი სისტემა დასახელებულ სერვისებზე, ნოემბრიდან ამოქმედდება.

გაგუას კლინიკის ხელმძღვანელი დავით გაგუა კი გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პაციენტებს ამ ეტაპზე აქვთ უფლება, ექიმები თავად აირჩიონ, რაც მედიკოსებისთვის დამატებითი შემოსავალია. მსგავს, დამატებით მომსახურებებს კი, როგორც ცნობილია, DRG-სისტემა არ ითვალისწინებს. იმისთვის, რომ  „აყვანილი ექიმის“ სერვისით ან სასურველ პალატაში განთავსების უფლებით ისარგებლოს, პაციენტმა, DRG-ს პირობებში, სრულად უნდა დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და მთელი სერვისი თავად დააფინანსოს.

მსგავსი პრიცნიპი გავრცელდება მშობიარობაზეც.

შეგახსენებთ, რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას სახელმწიფო ყველა მოქალაქეს 500 ლარით, საკეისროს კი 800 ლარით უფინანსებს.

დავით გაგუა ამბობს,  რომ სახელმწიფო ითვალისწინებს როგორც პაციენტის, ისე ექიმების ინტერესს და ამიტომაც გადაწყვეტილებაც ერთობლივად იქნება მიღებული.

„ჩვენ გვინდა, რომ პაციენტს არ ჰქონდეს გადასახდელი, მაგრამ პაციენტი „ჩამოკიდეულია“ იმ ექიმზე და ფიქრობს, რომ მისი მომსახურება და დახმარება სჭირდება შესაბამისად, ის ადამიანი ღამის 3 საათზე დგება, მოდის და მასთან ერთად ატარებს 8-10-18 საათს,“ - განაცხადა გაგუამ.