DRG-ს სისტემა მშობიარობასა და საკეისრო კვეთებზეც გავრცელდა. ამასთან, მათი ტარიფები გაათანაბრა და 1 221,92 ლარით განსაზღვრა. „დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსების მექანიზმის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებაში ცვლილებები მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან ამოქმედდა. 

ბრძანების საინფორმაციო ბარათის თანახმად, საკეისრო კვეთაზე გართულებით, საკეისრო კვეთაზე გართულების გარეშე, ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე გართულებული დიაგნოზებით, ასევე ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე გართულებული დიაგნოზების გარეშე ფასის დასათვლელად, სერვისის მიმწოდებელი კლინიკებისაგან მოხდა მშობიარობის კალკულაციის გამოთხოვა. კერძოდ, კლინიკებისგან გამოთხოვილ იქნა მონაცემები როგორც საკეისრო, ასევე ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის:  სადიაგნოსტიკო კვლევების ხარჯი;  მედიკამენტების ხარჯი; კვების ხარჯი; პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები; მოგება;  გაუტკივარების ღირებულება; არჩევითი ექიმის ღირებულება.

„ქვეყანაში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა საკეისრო კვეთისა და მშობიარობის ფასის გათანაბრება, რაც შეამცირებს სამედიცინო პერსონალის მოტივაციას საკეისროს სასარგებლოდ. საშუალო შეწონილი მეთოდის გამოყენებით მოხდა ტარიფის განსაზღვრა (1,221.92 ლარი), რომელიც მოიცავს გაუტკივარებისა და არჩევითი ექიმის ღირებულებებს,“ - ნათქვამია ბარათში. 
შეგახსენებთ, რომ „დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსების მექანიზმი ქვეყანაში გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა.