ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა. 


„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, 
მანამდე განსაზღვრული 6 მილიონის ნაცვლად ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი თითქმის ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა და 6,478 მლნ ლარი შეადგინა.

პროგრამა ითვალისწინებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიის, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის წინა კვლევების,  ტრანსპლანტაცისს (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია) დაფინანსებას, ასევე პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვასა და უშუალოდ ღვიძლის ტრანსპლანტაციას.

პროგრამის სამიზნე პაციენტები არიან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები, გარდა თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული პირებისა (მათთვის მუნიციპალური პროგრამები მოქმედებს), რომლებსაც აქვთ მწვავე ლეიკემია, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არაჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლაზიური ანემია, ჰისტიოციტოზი, თალასემია, მრავლობითი მიელომა(მიელომური ავადმყოფობა).
ყველაზე ძვირადღირებულ სერვისებს შორისაა ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია (მათ შორის პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა), რომლის ღირებულება 205 000 ლარია. ალოგენურ ტრანსპლანტაციაში (მათ შორის პაციენტის კონდიცირება – ორგანიზმის მომზადება ტრანსპლანტაციისათვის და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა) სახელმწიფო 170 ათას ლარს გადაიხდის, ღვიძლის ტრანსპლანტაციაში კი - 120 ათასს.