რამდენიმე კლინიკა, რომელიც დარღვევებით მუშაობდა, DRG-სისტემით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო უკვე ჩაეხსნა საყოველთაო ჯანდაცვას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, რომელ კლინიკებზეა საუბარი, ღუდუშაურს არ დაუკონკრეტებია.

„რამდენიმე ათეულ კლინიკაში გეგმიური შემოწმებები დაიწყო და არის ზოგიერთ კლინიკასთან მიმართებაში სერიოზული ჯარიმები, ზოგიერთ კლინიკასთან მიმართებაში კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლოა რადიკალური გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული,“ - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილე კლინიკებისთვის ანაზღაურების ახალი სისტემა 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა.

DRG-მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა. 


მთავარი პოზიტიური შედეგი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ სისტემის ამოქმედების შემდეგ ელოდებოდა, პაციენტის მიერ დამატებითი თანხის გადახდის პრაქტიკის აღმოფხვრაა. მაგალითად, კლინიკა პაციენტს ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა ვიპ-პალატა, აყვანილი ექიმი, გარკვეული სახარჯი მასალა და ა.შ. – დამატებით თანხას ვეღარ მოსთხოვს. ხოლო თუ  პაციენტს ამ სერვისების მიღება სურს, მას შეუძლია, ერთჯერადად გამოეთიშოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელსაც ამ სერვისის მიღებისთანავე დაუბრუნდება.
რაც შეეხება ჯარიმებს, კლინიკა, რომელიც პაციენტს დადგენილ ანაზღაურებაზე მეტ თანხას გადაახდევინებს, ამ შემთხვევისთვის დაწესებული ტარიფის სამმაგი ოდენობით ჯარიმდება. დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 6 თვით გამოეთიშება.