საქართველოში პირველად, ჯეო ჰოსპიტალსმა USAID-ის მხარდაჭერით საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების-სპეციალიზაციის პროგრამების განხორციელება დაიწყო, რომლებიც პოლონურ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატში მომზადდა.
პროგრამის ფარგლებში, ექთნებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ 3 ახალი საექთნო სპეციალობა:
პედიატრიის ექთანი, ინტენსიური (კრიტიკული) მოვლის ექთანი, ქირურგიის ექთანი.
საექთნო სპეციალიზაციის პროგრამები USAID-ის მხარდაჭერით, პოლონეთში მოქმედი კურიკულუმების მიხედვით შეიქმნა და მათი ქართულენოვანი ვერსიაა.
„პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის სრულად შეესაბამება 2025 წლისთვის საექთნო საქმეში დაგეგმილ რეფორმას და ამ პროექტის ფარგლებში კურსდამთავრებულ ექთნებს საშუალება მიეცემათ, რომ რეფორმის განხორციელების ეტაპზეც მოიპოვონ ექთან-სპეციალისტის წოდება,“ – განაცხადა "ჯეოჰოსპიტალსის" სტრატეგიული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ნოღაიდელმა. მისივე შეფასებით პროგრამა რეგიონში სამედიცინო სექტორში ძლიერი, პროფესიონალი ექთნების დასაქმებას უწყობს ხელს.
ცნობისთვის: საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის თანახმად, 2025 წლიდან საქართველოში საექთნო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის, ლიცენზიის ან სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში. სტრატეგიის ფარგლებში უკვე ინიცირებულია კანონი საექთნო საქმიანობის შესახებ.
სტრატეგიის თანახმად, უნდა შეიქმნას საექთნო სპეციალობების ნუსხა. საწყის ეტაპზე, საექთნო სპეციალობების ნუსხა შეიძლება ასე გამოიყურებოდეს: ანესთეზიის ექთანი, პედიატრიის/ნეონატოლოგიის ექთანი, საოპერაციოს ექთანი, ზოგადი პრაქტიკის (ოჯახის) ექთანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექთანი, ფსიქიატრიის ექთანი, ექთანი-მენეჯერი.