ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში სარეაბილიტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების  ხვედრითი წილი 2025 წელს უნდა იყოს 1%, 2021 წლის 0,1%-ის ნაცვლად, 2027-ში კი 2%. ამის შესახებ საქართველოში სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარების სტრატეგია 2023-2027-შია ნათქვამი. 

სტრატეგიის თანახმად, 2014 წლის მონაცემებით,  საქართველოში მოსახლეობის 14%-ს 65 წლის და 65 წელს ზემოთ პირები წარმოადგენენ. 2050 წლისთვის ეს ასაკობრივი ჯგუფი მოსახლეობის 25% იქნება. 
„დაბერების პროცესი აუცილებლად ასოცირდება ფუნქციონირების პრობლემების ზრდასთან, მათ შორის, ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებთან, სხვადასხვა დაავადების რაოდენობის ზრდასა და ჯანმრთელობის გაუარესებასთან. ხანდაზმულთათვის რეაბილიტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ხელს უწყობს ხანდაზმულებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საგანმანათლებლო სამუშაოებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ გარშემომყოფთა ცხოვრებაში,“ - ნათქვამია დოკუმენტში.

სტრატეგიის თანახმად, საქართველოში 2022 წლის ბოლოდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში რეაბილიტაციის სერვისების ინტეგრაციის პროცესი, რაც მომავალშიც გაგრძელდება. გარდა აღნიშნულისა, სარეაბილიტაციო სერვისების დაფინანსება ხდება სოციალური რეაბილიტაციისა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. 


„სარეაბილიტაციო მომსახურება სრულყოფილად არ არის ინტეგრირებული საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, იგი ძირითადად ხელმისაწვდომია მხოლოდ სოციალური პროგრამების ბენეფიციარებისთვის,  შშმ პირებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კონტინგენტისთვის რეაბილიტაციის სერვისი სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება,“ - ნათქვამია დოკუმენტში და აღნიშნულია, რომ საქართველოში, რეაბილიტაციის სფეროს სპეციალისტთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო მომსახურება საქართველოში არასაკმარისია, მოზრდილთა სარეაბილიტაციო მომსახურებასთან დაკავშირებული სერვისები ფაქტობრივად არ არის განვითარებული (შესაბამისად არ არსებობს სტანდარტიზებული მიდგომა). ამასთან, ფინანსური ბარიერი ხელს უშლის სერვისების თანაბარ განვითარებას, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია ქვეყნის დედაქალაქიდან დაშორებულ რეგიონებში.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარებით მომზადდა რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსების მოდელი, რომლის ეტაპობრივი დანერგვა სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
რეაბილიტაციის დაფინანსების თვალსაზრისით სტრატეგიის მოსალოდნელი შედეგია  რეაბილიტაციის სერვისების გაზრდილი ბიუჯეტი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.