საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესულმა ცვლილებებმა სამედიცინო ბიზნესის განვითარების გეგმებში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა.

ქვეყანაში მოქმედი ერთერთი მსხვილი სამედიცინო ჯგუფი „ვივო მედიქალ გრუპი“ ბოლო ფინანსურ ანგარიშგებაში აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების სტრუქტურაში შესული ცვლილებები ძირითადად ეხება პროგრამით დაფინანსებული ტარიფების შემცირებას, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჯანდაცვის სფეროზე, იმის გათვალისწინებით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სამედიცინო დაწესებულებების მთლიანი ამონაგების 80%-ზე მეტს აფინანსებს. 


„ჩვენი ჯგუფის სტრატეგია ბოლო 3 წლის განმავლობაში მიმართული იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული ამონაგების წილის შემცირებისკენ. ეს თანდათანობით მიიღწევა უფრო დახვეწილი ჯანდაცვის მომსახურების დანერგვით, როგორიცაა ჯანდაცვის როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ცნობილი პროფესიონალების დაქირავება და მათი გაცნობა საქართველოს მოსახლეობისთვის. ამ სტრატეგიამ გაამართლა, ვინაიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების სტრუქტურაში შესულ ცვლილებებს ბევრად ნაკლები გავლენა ჰქონდა ჯგუფის კომპანიებზე, ვიდრე მთელ სფეროზე. ჩვენ ამ სტრატეგიის განხორციელებას მომავალ წლებშიც ვაპირებთ,“ - ნათქვამია დოკუმენტში. 

ახლო მომავალში ჯგუფი გეგმავს ოპერაციების გაზრდას ამბულატორიული და სასწრაფო დახმარების მომსახურებების მიმართულებით.

ჯგუფში 1200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, „ვივო მედიქალ გრუპი“ დაფუძნდა 2016 წლის 10 აგვისტოს. მისი შვილობილი საწარმოებია: წამყვანი მრავალპროფილური ცენტრი „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“, ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი, სამედიცინო ცენტრი „ინოვა“, „ინოვა ინვიტრო“, „ჟორდანია და ჟორდანია-ჩიქოვანის კლინიკა“, „თბილისის დიაგნოსტიკური ცენტრი“, „თბილისის ცენტრალური ლაბორატორია“, „მედიმპორტი“ (იგი არის ოფიციალური დისტრიბუტორი ისეთი ბრენდებისა, როგორიცაა Bayer AG (გერმანია), Johnson & Johnson (აშშ), Rudolf Medical (გერმანია), Straub Medical (შვეიცარია) და სხვა.)
შეგახსენებთ, რომ „ევექსი ჰოსპიტლების“ ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანია ცდილობს რაც შეიძლება გააფართოვოს შემოსავლის წყაროები და, ამ გზით, შეამციროს დამოკიდებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე.