ამერიკაში ქართველი ექიმების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ექიმი თამთა ჩხიკვაძე საუბრობს. მის მოსაზრებებს ფეისუქ-პლატფორმა „სფიჩი“ აქვეყნებს.

ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ ამერიკაში 2014 წელს, ორ შვილთან ერთად, ჩავიდა.

9 წლის განმავლობაში, 4 სხვადასხვა საავადმყოფოში მუშაობის შემდეგ კი ამჟამად გასტროენტეროლოგიის followship-ზეა.

„კოვიდის დროს, ნიუ-იორკში ჰოსპიტალისტად 4 წელი ვიმუშავე, რამაც ძალიან დიდი სიამაყე შემძინა როგორც პროფესიულად, ასევე პერსონალურად.  მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ექიმებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, რეალობა საკმაოდ განსხვავებულია. თვითონ ამერიკელებს ძალიან რთული ფინანსური და ცხოვრებისეული გზის გავლა უწევთ, სანამ სამედიცინო სკოლას და ტრენინგებს დაასრულებენ. ბევრს უჭირს მუშაობა, ბევრი დეპრესიაშია, არ არიან ბედნიერები, გადაღლა და სუიციდი ძირითადი თემაა ხოლმე ექიმებს შორის განხილვისას. ეს პროფესია მუდმივ განვითარებას მოითხოვს. რეზიდენტებთან თუ მუშაობ, დამატებითი პასუხისმგებლობა გემატება მათი განვითარებისთვის. დიდი შრომის და ენერგიის ჩადება გიწევს. თუ ემოციურად სტაბილური არ ხარ, ძნელია პირად პრობლემებთან გამკლავება და პროფესიონალურად განვითარება.

ტრენინგის დროს, მიუხედავად ყველაფრისა, ყოველ დილას უნდა გაიღვიძო დილას 5-6 საათზე და წახვიდე სამსახურში, იმუშაო ზოგჯერ 9 საათამდე ან უფრო გვიანობამდე. მუდმივად უნდა ააგო და შეინარჩუნო რეპუტაცია,“ - აღნიშნავს თამთა ჩხიკვაძე.

მისი თქმით, თუ ექიმი გამოცდებს ჩააბარებს და ლიცენზიას მიიღებს, ქვეყანა მას მიიღებს, როგორც ამერიკელს.

„ყოველწლიურად იზრდება ქართველი ექიმების რიცხვი ამერიკაში. მათ გარეშე მე გამიჭირდებოდა აქ კარიერის დაწყება... ამ ეტაპზე, გასტროენტეროლოგიაში ბევრი ძალიან საინტერესო და ინოვაციური ქირურგიული პროცედურა კეთდება ენდოსკოპიურად. ღვიძლის, პანკრეასის სიმსივნეების სტენტირებები, ნაღვლის ბუშტის და პანკრეასის ცისტის ენდოსკოპიური დრენირებები, ენდოსონოგრაფიული ბიოფსიები, პალიატრიული მკურნალობები, ენდოსკოპიური ბარიატრიული პროცედურები. როცა ლიცენზირებული გასტროენტეროლოგი გავხდები, სხვადასხვა დარგის ქართველ ექიმებთან ერთად, ვგეგმავ საქართველოში ჩასვლას და ამ ინოვაციური პროცედურების  ჩატარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას,“ - აღნიშნავს თამთა ჩხიკვაძე.