“პინეო - სამედიცინო ეკოსისტემა“, საქართველოში მოქმედ კლინიკებს შორის პირველი, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციასთან ერთად, აქტიურად იწყებს მოსახლეობის ფართო მასების და სამედიცინო საზოგადოების ინფორმირებას ორგანოთა გადანერგვის საჭიროების და სარგებლის შესახებ.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორგანოების დონაცია გადამწყვეტი ნაბიჯია სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
„დღეს მთელს მსოფლიოში ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი ორგანოების მნიშვნელოვანი დეფიციტია, მომლოდინეთა რიგში კი უამრავი მძიმე დაავადების მქონე პაციენტია. მსოფლიოში ათასობით ადამიანს აწუხებს ორგანოთა უკმარისობა ან ქრონიკული დაავადებები, რომელთა მკურნალობა მხოლოდ ორგანოების ტრანსპლანტაციის გზით არის შესაძლებელი. 


გარდა იმისა, რომ ორგანოების გაცემით გადაარჩენთ სიცოცხლეს, მნიშვნელოვნად დაეხმარებით მედიცინის განვითარებასაც. გადანერგილი ორგანოები მეცნიერებსა და ექიმებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ სხვადასხვა დაავადება, სცადონ მკურნალობის ახალი გზები და შექმნან ინოვაციები.

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მთელს მსოფლიოში თირკმლის მომლოდინეთა რიგი ყველაზე მრავალრიცხოვანია.

ორგანოთა დონაცია არის მაღალმორალური და კეთილი ქმედება, რომელიც ასახავს საზოგადოების ღირებულებებს, სოლიდარობასა და ადამიანებზე ზრუნვას. ეს არის თანაგრძნობის, კეთილშობილების და სხვების დახმარების სურვილის უმაღლესი გამოვლინება. ეს არის სიცოცხლის ჩუქება არა მხოლოდ უშუალოდ პაციენტისთვის, არამედ მისი ოჯახისთვისაც!“ - აცხადებენ კლინიკაში.

კლინიკამ დაიწყო ილუსტრაციების მეორე ნაციონალური კონკურსი „გადაარჩინე სიცოცხლე“. 

ორგანოთა გადანერგვის სარგებელზე შექმნილი ილუსტრაციის გადაგზავნა კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ მეილზე: Info@transplantation.ge.

დაწესებულია შემდეგი ჯილდოები:
პირველი ადგილი - 500 ლარი
მეორე ადგილი - 250 ლარი
მესამე ადგილი - 150 ლარი.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 5 სექტემბერია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, ივნისის ბოლოს მიიღო.

კანონპროექტით წესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ცოცხალი დონორისაგან ორგანოს დონაციასთან და გარდაცვლილის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები, განისაზღვრება დონორისა და რეციპიენტის უფლებები.

კანონპროექტი ადგენს ადამიანის ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს, უზრუნველყოფს მიკვლევადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, აწესრიგებს გადანერგვის სფეროს მართვასთან, მათ შორის, ინსპექტირებასთან, ლიცენზირებასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს უანგარო და გამორიცხული უნდა იყოს კომერციული გარიგება ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემისას.

აღნიშნულ სფეროს აწესრიგებს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართალი.
გათვალისწინებულია სამინისტროს სისტემაში ტრანსპლანტაციის სამმართველოს და, შესაბამისად, მართვის ცენტრალური ბაზის შექმნა.

პარლამენტმა ასევე მიიღო „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ადგენს ადამიანის მიმართ გამოსაყენებლად გამიზნული ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის ქსოვილების ან/და უჯრედების დონაციის, მოპოვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვის, განაწილებისა და გამოყენების პირობებს.
კანონპროექტით წესრიგდება ცოცხალი დონორისაგან ქსოვილების მოპოვებასთან, გარდაცვლილი დონორისაგან ქსოვილების მოპოვებასთან, ქსოვილების ხარისხსა და უსაფრთხოებასთან, ქსოვილების ხარისხისა და უსაფრთხოების სფეროს მართვასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.