ჯანდაცვის სექტორში ფიქსირდება შემთხვევები, როცა მედპერსონალი კერძო კლინიკიდან სამუშაოდ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში გადადის. ეს ხდება იმ ფონზე, როცა სახელმწიფო აძლიერებს მის დაქვემდებარებაში არსებულ კლინიკებს, ნერგავს იქ მაღალტექნოლოგიურ სერვისებსა და აახლებს ინფასტრუქტურას. 
ამის ერთერთი მაგალითი რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოა, რომელმაც ერთერთმა პირველმა დააკმაყოფილა ქირურგიისა და რეანიმაციის განახლებული სტანდარტები.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად, საოპერაციო შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა. 

უწყების მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებაში ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები ამოქმედდა.

ესაა სერვისები, რომლებიც მანამდე ამ კლინიკაში არ იყო და მათ მისაღებად მოსახლეობას ხშირ შემთხვევაში თბილისში უწევდა ჩასვლა.

დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური, ადგილობრივი და სხვადასხვა ქალაქიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა.

2 თვის განმავლობაში, საავადმყოფომ უკვე 2000-ზე მეტ პაციენტს გაუწია სამედიცინო მომსახურება. 
კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ.
კლინიკა, ამ ეტაპზე, 140 საწოლზეა გათვლილი. პაციენტებს როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღება შეუძლიათ. ასევე, ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილება. 
რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება, ასევე - თორაკოქირურგიული ოპერაციები, თორაკოსკოპიის საშუალებით.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს გიგა ფარფალია, რომელიც რუხში სამუშაოდ თბილისიდან „ევექსის“ კლინიკიდან გადავიდა.