რა მომსახურების მიღება შეუძლიათ საქართველოდან ჩასულ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს მადრიდში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“, რომელიც საქართველოში დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის მონაწილე დაწესებულებაა.

სწორედ ესაა ის კლინიკა, რომელშიც, ონკოლოგიური დაავადებების ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მეთოდით - პროტონული თერაპიით უმკურნალებენ 18 წლამდე მოზარდებს.

„ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრის“ ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პროტონების ფიზიკური თვისებების წყალობით, პროტონული თერაპია თანამედროვე მსოფლიოში სიმსივნეების გარკვეული სახეობების სხივური თერაპიის ყველაზე მოწინავე და უსაფრთხო მეთოდად მიიჩნევა. გარკვეული დოზებით გამოყენების პირობებში, პროტონებს შეუძლიათ ქსოვილის შიდა  ნაწილზე ზუსტად იმოქმედონ, მიაღწიონ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების საუკეთესო დონეს და მინიმალური ზიანი მიაყენონ ჯანმრთელ ქსოვილებს. სწორედ ამ თავისებურების გამო გამოიყენებენ მას ბავშვების მკურნალობაში.

როგორ მუშაობს პროტონოთერაპია?

მადრიდში მდებარე ცენტრი ერთ მრავალფუნქციურ სივრცეში აერთიანებს ყველა აუცილებელ ტექნოლოგიას, რაც კი კიბოს მკურნალობისთვისაა საჭირო. პროტონული თერაპიის სისტემა, სახელწოდებით Proteus One, აერთიანებს სიმსივნის სკანირების სისტემას, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, მკურნალობის თითოეულ ეტაპზე ყველაზე მისაღები დოზირება გამოიყენონ.

ის აღჭურვილია ვიზუალიზაციის ყველაზე თანამედროვე მოწყობლობით და შეუძლია პაციენტის ზემოთ 220 გრადუსით იტრიალოს, რათა პროტონული სხივი მიმართოს ნებისმიერი კუთხით. სიმსივნის გარშემო მინიმალური დასხივება ან ასეთი დასხივების საერთოდ არარსებობა და დასხივების დაბალი დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს მეორადი სიმსივნეების გაჩენის რისკს და პაციენტის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. ესაა მხოლოდ ნაწილი იმ უპირატესობებს შორის, რომლებსაც პროტონული თერაპია გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ პროტონოთერაპიის ცენტრი ახლო მომავალში საქართველოსაც ექნება - პროექტი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორცელდება და, არსებული გეგმებით, მან მუშაობა 2025 წელს, ქუთაისში უნდა დაიწყოს.