ონკოქირურგიის დაფინანსება საჭიროა და აუცილებელია, მაგრამ მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ შორს წასული დაავადება ვაფინანსოთ და სახელმწიფომ ფული იხადოს უცხოეთის ფარმაცევტულ კომპანიებში, არამედ დაავადების ადრე გამოვლენა და თანხის დაზოგვა.

ამის შესახებ საუბარი წარიმართა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში,  სადაც ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის საკითხზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კლინიკების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გაიმართა. 

მოსმენის მონაწილეები დაინტერესდნენ, კონკრეტულად რა კვლევები დაფინანსდება იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკვე დაანონსდა და რომლის თანახმადაც, 2024 წლიდან სახელმწიფო ონკოქირურგიასთან ერთად ადრეული ონკოლოგიური კვლევების  ხარჯებსაც დაფარავს. 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის თქმით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევების ჩამონათვალი ძალიან მალე გამოქვეყნდება.

დეპუტატ  ირმა ზავრადაშვილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა შესაბამისი რეკომენდაციები გადაეგზავნოს ჯანდაცვის სამინისტროს და განისაზღვროს ბაზისური კვლევები, რაც საჭიროა ნაადრევი დიაგნოსტირებისა და გარკვეული სტადირებისთვის. მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის მუშაობა, რათა რეკომენდაციები სამინისტროს გადაეგზავნოს.


შეხვედრაში მონაწილე ონკოლოგ ნია შარიქაძის თქმით, 5 ნოზოლოგიის დიაგნოსტიკის ალგორითმი სამინისტროს უკვე გადაეგზავნა.


ონკოლოგმა ივანე კილაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პირველი ბარიერი, რასაც ონკოპაციენტები აწყდებიან, არის ბიოფსიის და პათოლოგიის ვერიფიკაციის ხარჯები. მისი განმარტებით, ზოგჯერ ჰისტოპათოლოგიური კვლევით ვერ ხერხდება დიაგნოზის ვერიფიცირება და საჭიროა კვლევების გაღრმავება მაგალითად იმუნოჰისტოლოგიური და მოლეკულური კვლევების სახით.  ეს კი დამატებითი ფინანსური ბარიერია. 


კილაძის თქმით, ის, რომ ეს კგვლევები არ ფინანსდება, ნეგატიურად აისახება დაავადების გამოსავალზე.
 
ადრეული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე ისაუბრა უროლოგმა გურამ ქარაზანაშვილმა, რომლის თქმითაც უნდა ჩამოყალიბდეს რისკ ჯგუფები და მათთვის თანამედროვე კვლევები დაფინანსდეს. 
 
„საუბარია იმაზე, რომ ვაფინანსებთ ონკო-ქირურგიას ანუ როცა ბოლო სტადიაზე მივიდა პაციენტი. ლოკალიზებული პროსტატის მკურნალობა ჯდება 10 ათასი ევრო და 240 ათასი - შორს წასულის. იმ 240 000-ს აფინანსებს სახელმწიფო. ეს საჭირო და აუცილებელია, მაგრამ მიზანია, რომ შორს წასული დაავადების მკურნალობა ვაფინანსოთ და სახელმწიფომ ფული იხადოს უცხოეთის ფარმკომპანიაში, თუ ადრე გამოვავლინოთ და თანხა დავზოგოთ?“ - განაცხადა უროლოგმა.