საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სამედიცინო სექტორში, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის (გაერთიანება) საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.  სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკითხი ეხება შპს „ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანიასა“ და შპს „მედკაპიტალს“ შორის დაგეგმილ კონცენტრაციას.

„ჯი ემ ეს სი საქართველოს სამედიცინო სერვისების კომპანია" 2022  წლის 5 ივლისსაა რეგისტრირებული, მისი მფლობელი და დირექტორია გოჩა გოგილაშვილი. იგი ამ ეტაპზე „პეესპე დაზღვევის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ასევა არის შპს ჯი ემ ფარმასიუთიქალსის დირექტორი.

"მედკაპიტალი" კი ამბულატორიების ქსელია, რომლის 50-50% "ავერსისა" და "პსპ"-ს საკუთრებაშია.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტო  განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს განიხილავს.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ 2023 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით.

ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.