საქართველო ღეროვანი უჯრედების მსოფლიო რეესტრს უერთდება. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტებისთვის, რომლებსაც ნათესავებს შორის თავსებადი დონორი არ აღმოაჩნდებათ, შეძლებენ დონორი მსოფლიო მასშტაბით მოიძიონ.

ამის შესახებ  ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგმა ნინო შარაშენიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ საუბრისას განაცხადა. 


მისი თქმით, ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში რამდენიმე კვირაში ამ საკითხთან დაკავშირების ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა. 

„რადგან საქართველო არ იყო გაერთიანებული მსოფლიო დონორთა რეესტრში, გადანერგვა ხდებოდა მხოლოდ სრულად შეთავსებადი ნათესაური დონორებისგან. რამდენიმე კვირაში ჩამოდის ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ცენტრს მოამზადებს, რომ გავერთიანდეთ ჯანმოს მსოფლიო დონორების მსოფლიო რეესტრში. ეს იქნება უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, თუ არ აღმოჩანდათ და-ძმა ან ოჯახის წევრი, რომელიც დონორად გამოადგებათ, მთელ მსოფლიოში მოიძოს ინფორმაცია და გამოუჩნდეს დონორი, რომლის საშუალებითაც პაციენტების სიცოცხლე გადარჩება,“- განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

მისი განმარტებით, ღეროვანი უჯრედების გადანერგვის ცენტრის არსებობა არის ყველაზე დიდი მიღწევა ონკოჰემატოლოგიაში, რადგან ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა შემთხვევათა იმ პროცენტში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არსებობს.  შარაშენიძის თქმით, ეს არის გადარჩენილი ადამიანების მაღალი პროცენტი, რომლებსაც ეს შანსი პრაქტიკულად განულებული ჰქონდათ, სანამ საქართველოში ეს ცენტრი იარსებებდა.

„საქართველოში ღეროვანი უჯრედებსი გადანერგვის ორი ცენტრია, ერთერთის ხელმძღვანელი პირად მე ვარ და ის არსებობს 2017 წლიდან,“ - განაცხადა  ზოდელავას ჰემატოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, მათ ცენტრში ღეროვანი უჯრედები 500-ზე მეტ ადამიანს გადაუნერგეს.

ზოდელავას ცენტრში კეთდება როგორც ალოგენური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა (სხვა, ჯანმრთელი დონორის ღეროვანი უჯრედების გამოყენება) ასევე აუტოლოგიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, რაც თავად პაციენტის უჯრედის გადანერგვას გულისხმობს.