კოვიდვაქცინებმა ევროპაში სულ მცირე 1,4 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. 

ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელის ჰანს კლუგეს განცხადებით, რომ არა უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინები, დაღუპულთა ჯამური რაოდენობა 4 მილიონზე მეტი იქნებოდა.

მისივე თქმით, გადარჩენილი ადამიანების 90%-ზე მეტი 60 წლის და უფროსი ასაკისაა.

კლუგემ აღნიშნა ისიც, რომ კოვიდის ვაქცინებმა 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში ევროპის რეგიონში სიკვდილიანობა 57%-ით შეამცირა. 


მისივე განმარტებით, მხოლოდ პირველმა რევაქცინაციამ 700 ათასი ადამიანი გადაარჩინა.

ჰანს კლუგეს შეფასებით, ვაქცინების ძალა შეუფასებელია და მოუწოდა მაღალი რისკის მქონე ადამიანებს, ბოლო ბუსტერული დოზის მიღებიდან 6-12 გასვლის შემდეგ კვლავ გაიკეთონ აცრა.

ჯანმოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ვარიანტი JN.1, რომელმაც მსოფლიოში უკვე ძირითადად ჩაანაცვლა სხვა ვარიანტები, უფრო „მკაცრია.“
კლუგემ განაცხადა, რომ ბევრმა ქვეყანამ შეამცირა ან საერთოდ შეწყვიტა ჯანმოსთვის კოვიდ-მონაცემების მიწოდება.