ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა სტატისტიკა შემაშფოთებელი არ არის. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ.
მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის ლიკა მუმლაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევები 2-3 კვირის წინ შედარებით გაზრდილი იყო და სტაციონარულ მკურნალობას კლინიკაში მუდმივად გადიოდა 10-12 პაციენტი. ახლა კი ეს რიცხვი განახევრებულია.
მუმლაძის თქმით, ინფიცირებულებს აღენიშნებათ მაღალი სიცხე, ყელის და თავის ტკივილი.
შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე არ საუბრობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ კომენტარში გოგინავა აცხადებს, რომ ჰოსპიტლებში ასაკოვანი, ქრონიკული დაავადებების მქონე და სხვა რისკ ჯგუფებში შემავალი ადამიანები ხვდებიან. რაც შეეხება რეკომენდაციებს სიმტპომების შემთხვევაში, გოგინავა ამბობს, რომ თავდაცვის ზომები იგივეა, რაც მანამდე იყო.
„თუ გვაქვს სიმპტომები, მოვერიდოთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, დავიცვათ ჰიგიენის ნორმები, ხოლო თუ გვიწევს თავყრილობებზე წასვლა, გამოვიყენოთ პირბადე,“ - აღნიშნა გოგინავამ.