საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება ქართული სადაზღვევო კომპანიებისთვის პრაქტიკულად არაფერს შეცვლის. კანონით გათვალისწინებული ეს რეგულაცია არც უცხოელი ვიზიტორებისთვის იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება. 


ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა, დაგეგმილი რეგულაციის შეფასებისას განაცხადა.

შეგახსენებთ: საქართველოში შემოსასვლელად ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის ქონა სავალდებულო გახდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და მთავრობის შესაბამისი დადგენილება 1 ივნისამდე დამტკიცდება.
ტურიზმის შესახებ კანონის შესაბამისად, მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე უნდა მიიღოს „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება. აღნიშნულს ტურიზმის შესახებ კანონი ითვალისწინებს. 
როგორც დევი ხეჩინაშვილი აღნიშნავს, საზღვარზე, საპასპორტო კონტროლისას, უცხოეთის მოქალაქისთვის დაზღვევის წარდგენის მოთხოვნის უფლება მესაზღვრეს ახლაც აქვს, თუმცა მსგავს პრაქტიკას არავინ მიმართავს. 
 „ახლა იცვლება ის, რომ ტურისტულმა სააგენტომ უნდა აცნობოს ტურისტებს ასეთი ვალდებულების შესახებ. თავად პაკეტის მოცულობა და პირობები  კი განსაზღვრული არ არის. ჩემი ინფორმაციით, მესაზღვრეს ექნება უფლება, მოსთხოვოს მოგზაურს ასეთი დაზღვევის წარმოდგენა, თუმცა ის ვერ შევა იმაში, თუ რა პირობებია ამ პაკეტით გათვალისწინებული და რამდენად კარგად დაფარავს ის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარ ზარალს. ამასთან, ასეთი საბუთის არქონის შემთხვევაში, მესაზღვრეს მგზავრის გაბრუნების ვალდებულებაც არ ექნება. ანუ სიახლე მხოლოდ ისაა, რომ საქართველოში მომავალ მოგზაურს ეცოდინება, რომ ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა უნდა ჰქონდეს. ეს ყველა ქვეყანას ეხება. თუმცა  ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ვალდებულების გარეშეც მაღალია, ამიტომ ადამიანები ისედაც ყიდულობენ დაზღვევას. თანაც იქ მსგავს შემთხვევებში სასამართლო პრაქტიკაც მოქმედებს,“ - აღნიშნა ხეჩინაშვილმა. მისივე თქმით, მართალია, უცხოელებს დაზღვევის შეძენა საქართველოშიც შეეძლებათ, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ პაკეტის ყიდვა არა საკუთარ, არამედ უცხო ქვეყანაში გადაწყვიტონ. 


შეგახსენებთ, რომ მანამდე, სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდა, რომელიც საქართველოს მოქალაეებს ეხება. კერძოდ,  15 იანვრიდან ძალაში შევიდა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტის მინიმალური მოთხოვნები, რომელთა მიხედვით, დაზღვევის მომსახურების ლიმიტები გაიზარდა. ცვლილების მიზეზად დასახელდა ის, რომ ამ სეგმენტში სადაზღვევო სექტორის შეთავაზებები ბოლომდე ადეკვატური არ იყო და სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას, სათანადო ანაზღაურება ვერ ხდებოდა. 
 
 
დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული რეგულაცია ეფექტიანია და უკვე საკმაოდ მაღალი ლიმიტებით ანაზღაურდა არაერთი დამდგარი შემთხვევა. მისი თქმით, მოგზაურებმა, პოლისის მხოლოდ 1 ლარიდან 2-3 ლარამდე  (დღეში) გაძვირების სანაცვლოდ რისკების რეალური დაზღვევა მიიღეს. 

jandacva.ge