სისხლის გადასხმა, სხვადასხვა დაავადების დროს, ერთადერთი გამოსავალია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ის უნიკალური პროდუქტია, რადგან არ არსებობს შემცვლელი ხელოვნური ხსნარები. სისხლის უსაფრთხოების გარანტი, მთელს მსოფლიოში, უანგარო დონორობაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელობისა და საჭიროების ახსნა, უმნიშვნელოვანესი საკითხია - დონორს, რომელიც გასცემს სისხლს, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, შესაძლოა, ჰქონდეს მოტივაცია, დამალოს გარკვეული რისკის ფაქტორები და ამ ქცევით, საფრთხე შეუქმნას, როგორც პაციენტის, ისე - საკუთარ ჯანმრთელობას. ამიტომ, როდესაც უსაფრთხო სისხლზე ვსაუბრობთ, უანგარო დონორის მიერ გაღებულ სისხლს ალტერნატივა არ გააჩნია. სადაც უანგარო, რეგულარული დონორები ჰყავთ, მხოლოდ იმ ქვეყანას შეუძლია, ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლით და მისი პროდუქტებით უზრუნველყოს ყველა პაციენტი, ვისაცსისხლის გადასხმა სჭირდება.

ბოლო წლებში, ჩვენს ქვეყანაში, არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა, რაც გახდება გარანტია იმისა, რომ საქართველომ, ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლის უმაღლეს სტანდარტებს მიაღწიოს.

ახალი კანონით, რომელიც საქართველოში, 2025 წლიდან ამოქმედდება, სისხლის დონაცია, სწორედ ნებაყოფლობითობისა და უანგარობის პრინციპს დაეფუძნება. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყანაში, უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს - ქვეყანაში სისხლის ხარისხისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, ასევე, ახალი სისტემის ჩამოყალიბებისათვის, 2022 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ.

„სისხლის შესახებ კანონი“ 1995 წელს იყო მიღებული. ის ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, შესაბამისად, საჭირო გახდა ახალი კანონის მიღება, რომელიც სწორედ  სისხლის ხარისხისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით შეიქმნა.

დოკუმენტი, ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო აახლოებს - ეს გათვალისწინებული იყო ასოცირების ხელშეკრულების მიხედვითაც, რამაც პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობის შესაძლებლობაც მოგვცა. სწორედ ასე შეიქმნა ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად ახლომდგომი კანონი.

კონკრეტულად რას გულისხმობს და რა ძირეული ცვლილებები განხორციელდება ახალი კანონის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ გაბუნია გვესაუბრა.

- რას გულისხმობს ახალი კანონი და რამდენად უზრუნველყოფს ის სისხლის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას?

- ახალი კანონმდებლობით, ყველას აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლი და მისი კომპონენტები. სახელმწიფო ხელს უწყობს ნებაყოფლობით, უანგარო დონორობას, უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოებას. ამავდროულად, სახელმწიფო ვალდებულია, სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობისთვის უზრუნველყოს ქვეყანაში საჭირო რაოდენობის სისხლის დაწესებულების არსებობა. ახალი კანონით, სისხლის დონორობა ეფუძნება ნებაყოფლობითობის, უანგარობისა და ანონიმურობის პრინციპებს. ნებაყოფლობითობის პრინციპი გულისხმობს პირის უფლებას, სისხლი ან სისხლის კომპონენტი საკუთარი ნებით, ძალდატანების გარეშე გაიღოს. უანგარობის პრინციპი კი გულისხმობს პირის მიერ, სისხლის ან მისი კომპონენტის უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე გაღებას.

დაუშვებელია, გაღებული სისხლის, ან მისი კომპონენტის სანაცვლოდ, დონორის ან სხვა პირის მიერ, ფულადი ანაზღაურების და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის მიღება, აგრეთვე მისთვის ფულადი ანაზღაურების ან ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის შეთავაზება/მიცემა. ახალი კანონით, ასევე, დაუშვებელია სისხლით ან მისი კომპონენტებით ვაჭრობა, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით. ფულადი ანაზღაურების ტოლფას სარგებლად არ მიიჩნევა დონორისთვის დამსაქმებლის მიერ დასვენების დროისთვის მიცემული შრომის ანაზღაურება, საპატიო დონორისთვის გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი, დონორისთვის გადაცემული სიმბოლური ნიშანი, სუვენირი ან საჩუქარი, რომლის ღირებულება არ შეიძლება გახდეს უანგარობის პრინციპის დარღვევის სტიმული, მაგრამ ის ხელს შეუწყობს დონორობის წახალისებას. 2025 წლის 1-ლ ივლისამდე, პირს უფლება აქვს, სისხლი ან სისხლის კომპონენტი გაიღოს ფულადი ანაზღაურებით ან/და ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

-  სისხლის ახალი სისტემა დაფუძნებული იქნება მხოლოდ უანგარო დონორობის პრინციპზე?

- რასაკვირველია. 2025 წლის 1 ივლისიდან, სისხლის ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაბარება კანონით აკრძალული იქნება. უანგარო დონორების წილი ყოველწლიურ დონაციებში, დაახლოებით, 40%-ია, დანარჩენი დონორები ახლობლისთვის აბარებენ სისხლს, ან - ფულადი გასამრჯელოს ნაცვლად. სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ უანგარო დონორების წილი, მოხდეს უანგარო დონორების მოზიდვა და ამავდროულად, ვიმუშაოთ მათ შენარჩუნებაზე რეგულარულ დონორებად, ვინაიდან უანგარო რეგულარული დონორები არიან ქვეყანაში უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის მარაგების შექმნის გარანტი.

- სისხლის დაწესებულებების კომერციულ სტატუსსაც შეეხება კანონი ?

- რა თქმა უნდა, შეეხება. სწორედ ევროდირექტივის მიხედვით არის განსაზღვრული, რომ სისხლის წარმოებისა და მიწოდების ყველა საფეხურზე, გამოკლებული იყოს კომერციული ინტერესი. ახალი კანონის მიხედვით, სისხლის დაწესებულება იქნება არამომგებიანი იურიდიული პირი. ამასთან, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დააფუძნოს სახელმწიფო სისხლის ბანკი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისხლით უზრუნველყოფაზე.

- რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი სისხლის გაღება მხოლოდ უანგარო დონორის მიერ?

- მსოფლიოში, უანგარო დონორები ითვლებიან ყველაზე უსაფრთხო დონორებად, ვინაიდან სისხლით გზით გადამდები ინფექციების გავრცელების რისკი ამ ჯგუფში მინიმალურია. ისინი არ მალავენ ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მათი ქმედება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - შეუნარჩუნონ და გაუხანგრძლივონ სიცოცხლე ადამიანებს. დონორები, რომლებიც სისხლს ფულადი და სხვა სახის ანაზღაურებისათვის აბარებენ, შესაძლოა, მალავდნენ გარკვეულ ინფორმაციას მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. უანგარო დონორი გახლავთ უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტი. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში ყველა მხარის ჩართულობა -  საზოგადოების, საჯარო უწყებების, თუ კერძო სექტორის. აუცილებელია, გავითავისოთ, რომ ქვეყანაში ხარისხიანი და უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობას უანგარო და ნებაყოფლობითი დონაცია უზრუნველყოფს. შესაბამისად, ამ საკითხისა და სისხლის ახალი კანონის ეფექტურად აღსრულებაში ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ.

jandacva.ge