საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის – ISO 9001:2015 - სერტიფიკატი მიენიჭა, რომელიც ცენტრმა საერთაშორისო ავსტრიული კომპანიის, TÜV Austria მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად მიიღო. სერტიფიკატის მინიჭება ადასტურებს, რომ ცენტრში ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ხარისხის გაუმჯობესება უწყვეტი პროცესია.
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცენტრის თანამშრომლებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ISO 9001:2015 სერტიფიკატი არ არის მხოლოდ ფორმალური დოკუმენტი — ის ადასტურებს, რომ ცენტრის მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.
საერთაშორისო კომპანია, TÜV Austria-ს, წარმომადგენლის განცხადებით, ISO 9001:2015 სერტიფიკატი ნიშნავს, რომ ცენტრი ასრულებს ყველა მოთხოვნას და პაციენტებს უწყვეტად უწევს ხარისხიან და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას, რის შედეგადაც კმაყოფილების დონე მუდმივად იზრდება.
TÜV Austria, 1872 წელს ვენაში დაფუძნებული ორგანიზაცია, საერთაშორისო მასშტაბით უზრუნველყოფს კომპანიების სერტიფიცირებას, ინსპექტირებას, ტრენინგებსა და ტესტირებას.
ღონისძიება ასევე დაემთხვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრანსპორტის საერთაშორისო დღეს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრის მძღოლებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ პაციენტების უსაფრთხო და დროულ გადაყვანას.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრანსპორტის საერთაშორისო დღე, ყოველწლიურად 20 აგვისტოს აღინიშნება.
ღონისძიებაზე განსაკუთრებულად გამოიკვეთა წეროვნის ფილიალის მძღოლის, ვალერი ძებისოვის მაგალითი, რომელმაც ცეცხლში გახვეული შენობიდან ორი ხანდაზმული ადამიანი გამოიყვანა. ამ ქმედებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გადაუდებელი დახმარების მძღოლები არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, არამედ ხშირად უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა, მოტომედიკოსთა მნიშვნელოვან წვლილს სწრაფი რეაგირების მიმართულებით, რაც გადამწყვეტია კრიტიკულ სიტუაციებში. მოტოციკლით გადაადგილება მათ საშუალებას აძლევს, ოპერატიულად მიაღწიონ ვიწრო ქუჩებში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში და საკურორტო ზოლებში. მოტომედიკოსები რეაგირებენ ისეთ კრიტიკულ შემთხვევებზე, როგორებიცაა ავტოსაგზაო შემთხვევები, პაციენტის უგონო მდგომარეობა, ტრავმები და გულის გაჩერება, სადაც ყოველი წამი გადამწყვეტია და დროული სამედიცინო დახმარება სიცოცხლის გადარჩენის შანსს ზრდის.