ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, რეგიონებში სოფლის ამბულატორიების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძე იმერეთის რეგიონში — წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.


მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრევენციული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას. მინისტრის თქმით, განახლებული ინფრასტრუქტურა სოფლის ექიმის პროგრამის მნიშვნელოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროგრამა, მოსახლეობას ოჯახის ექიმის მომსახურებას საკუთარ სოფელში, სახლთან ახლოს სთავაზობს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის თვალსაზრისით.


ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე წელს, სამედიცინო ჰოლდინგი სოფლის ამბულატორიებს ქვეყნის მასშტაბით 15 სოფელში აშენებს, მშენებლობები წლის ბოლოსთვის ეტაპობრივად დასრულდება. პროექტისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. 


მინისტრთან ერთად, სოფლის ამბულატორიების მშენებლობის პროცესს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ასევე საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.