15 აგვისტოდან ე.წ. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ჩანაცვლებითი თერაპიის ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ.

„პირველ ყოვლისა, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რომ ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებლების ბენეფიციარებიდან საკმაოდ დიდმა ნაწილმა მიმართა სახელმწიფო სერვისს და, პრაქტიკულად, ყველა მათგანი 15 აგვისტოდან შეძლებს მომსახურების უფასოდ მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში. ამ პირთა რიცხვი შეადგენს 1 512-ს. დაახლოებით 100-მდე ადამიანს ვერ დაერთო ნება მომსახურების გაგრძელებაზე, სხვადასხვა მიზეზთა გამო. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა რეგულარულად, არამედ ინციდენტურად ნარკოტიკების მომხმარებლები. ჩანაცვლებითი თერაპიით სარგებლობის საფუძველი ასეთ შემთხვევაში არ არსებობს. მათ შეეძლებათ, რომ ცალკე, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი შემოწმება და ამის საფუძველზე მიიღება ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

მოგვმართეს ცალკეულ შემთხვევებში პირებმა, რომელთა შესახებ ინფორმაციაც შესაბამისმა კერძო დაწესებულებამ არ დაადასტურა. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი რეგისტრირებულია, სულ მცირე, ორი კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად, ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები იმ პირთა შორის, ვისაც არ მოუმართავს, ჯერ ამის თქმა არ შეგვიძლია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, არის სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც. მაგალითად, პაციენტისა და ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებში არის სხვაობა დოზების შესახებ. ასეთ შემთხვევათა რაოდენობა 100-ს არ აღემატება.

ამასთან, მინისტრმა მიმართა ბენეფიციარებს, დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები.

„მინდა, ვთხოვო თითოეულ ბენეფიციარს, რომელსაც მიღებული აქვს დადასტურება სახელმწიფოს ცენტრებში მომსახურების მიღების შესაძლებლობაზე, მიაქციონ ყურადღება ცენტრში მისვლის დროს და დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, მათ შორის, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. იმ შემთხვევისთვის, თუკი ვინმეს ჰქონდა ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 22 აგვისტოს ჩათვლით მომართვის შემთხვევაში, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფოს პროგრამაში. ამ მიზნით, ცვლილებები იქნება შეტანილი შესაბამის ნორმატიულ აქტში“,- განაცხადა სარჯველაძემ.

გარდა ამისა, ბენეფიციართა რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დაიწყება მუშაობა იმ პერსონალის დასაქმების საკითხის განხილვაზე, რომლებიც მუშაობდნენ კერძო ცენტრებში.

„ასეთ ექიმთა რიცხვი დაახლოებით არის 60, რასაც დაემატება ექთნების კონტინგენტი. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, გავაგრძელებთ მუშაობას ამ სფეროს შემდგომი რეფორმირებისთვის, რაც გულისხმობს საქმიანობის საკმაოდ ფართო სპექტრს, მკურნალობის წარმატებულობისთვის აუცილებელი ზომების დახვეწით დაწყებული, ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგებით დამთავრებული. მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ ბენეფიციარს, რომ შეძლონ, დაამარცხონ ის მძიმე სენი, რასაც ჰქვია ნარკოდამოკიდებულება და ამისთვის სახელმწიფო ძალისხმევას ნამდვილად არ დაიშურებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.