ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციართა რეგისტრაცია დღეს მთავრდება. 

ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე ადგილზე გაეცნო ვითარებას, რეგისტრაციის პროცესისა და ცენტრების მზაობის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ სამედიცინო პერსონალისგან მიიღო.

მინისტრის განცხადებით, პროგრამაში ჩასართავად, უკვე ასობით ბენეფიციარი დარეგისტრირდა და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მისი თქმით, სახელმწიფო ცენტრები, ახალი ბენეფიციარების მისაღებად, სრულად მზად არიან — უზრუნველყოფილია კვალიფიციური სამედიცინო გუნდი, საჭირო მედიკამენტები და მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო, ბენეფიციარებს, შედეგზე ორიენტირებულ სერვისს, სრულად უფასოდ მიაწვდის.


ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, რეგისტრაცია 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროცედურის გავლა შესაძლებელია „ონლაინ“, ვებგვერდზე - ost.moh.gov.ge.


ბენეფიციარებს, ასევე, შეუძლიათ, მიმართონ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს, ან - მის ტერიტორიულ განყოფილებებს. ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველ დღე, კვირის გარდა, 15:00-დან

როგორც ცნობილია, 15 აგვისტოდან ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იქნება და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალება.  

რაც შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც 11 აგვისტოს ჩათვლით არ გაივლიან რეგისტრაციას, საჭირო იქნება მათი თავიდან შეფასება და მკურნალობის დაგეგმვა, რაც უფრო რთული პროცედურაა. 


ცვლილებები მიზეზად დასახელდა ის, რომ, კომერციული ინტერესის გამო კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.

1 ოქტომბრიდან კი კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად ჩამოერთმევათ და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა გახდება.