უმცროსი ექიმებისთვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დაწყების გამარტივებას სპეციალისტები აფასებენ. 
შეგახსენებთ: ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით  განისაზღვრა 18 სქამედიცინო სპეციალობა, რომლის წარმომადგენლებისთვისაც საექიმო  საქმიანობის დაწყება რეზიდენტურის გავლის გარეშე იქნება შესაძლებელი. 
კერძოდ, საუბარია კონკრეტული სპეციალობის უმცროს ექიმებზე, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო რეზიდენტურის პროგრამის გავლა ვერ შეძლეს, თუმცა დაგროვილი აქვთ მუშაობის გამოცდილება. მათ სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს,  სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა დაიწყონ. ეს ერთჯერადი ღონისძიებაა და ის 2026 წლის 1 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

აღნიშნული 18 სპეციალობაა: ფსიქიატრია, რადიაციული ონკოლოგია, ბავშვთა გასტროენტეროლოგია, პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია, ბირთვული მედიცინა, კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, ნეფროლოგია, გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა, ბავშვთა ინფექციური სნეულებები, ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია, ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია, ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია, რევმატოლოგია, სასამართლო მედიცინა.


ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ირაკლი გოგოხია არ იზიარებს საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ შეფასებას, რომ რეზიდენტურის გავლის გარეშე უმცროს ექიმებს საექიმო საქმიანობის დაწყების უფლება არ უნდა მიეცეს. მისი თქმით, სამედიცინო განათლებისა და რეზიდენტურის არსებულ სისტემაში ეს სიახლე პოზიტიური იქნება, თუმცა ამბობს იმასაც, თავად სისტემაა გასაუმჯობესებელი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დაწყების პირობებია შესაცვლელი. 


„ცვლილება პოზიტიურად იმოქმედებს, რადგან რეალურადაა დეფიციტი გარკვეულ მიმართულებებში. მე არ ვარ ჩახედული, რა ხდება სხვა სპეციალობებში, თუმცა როგორც ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა შემიძლია ვთქვა, რომ ბევრ რეგიონალურ კლინიკას აქვს კადრების დეფიციტი და პრობლემურია თბილისიდან კადრების რეგიონებში მობილიზება,“ - აღნიშნა გოგოხიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.