არის პრაქტიკები, რომლებიც აბსოლუტურად შეუწყნარებელია სახელმწიფოს მხრიდან და ეს პოზიცია შენარჩუნებული იქნება.  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ  სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმა.

სააგენტოს დასკვნით, , 4 კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. შედეგად, ჯარიმის მოცულობამ ჯამში 559 358 ლარი შეადგინა.

ეს კომპანიებია:

შპს გლობალ ცბს, მედიკამენტები - ოფლაბ-ოზი, ჰაიზინი, იორილი-10. ჯარიმის მოცულობა - 249 144 ლარი;

შპს კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი - ფლოქაზოლი. ჯარიმის მოცულობა - 21 646 ლარი;

შპს რიჩ გრუპი, მედიკამენტი - ზინასენი. ჯარიმის მოცულობა - 77 936 ლარი;

შპს გეა - მედიკამენტები - ბისეპტოლი 120 მლ. ბისეპტოლი 480 მლ. ჯარიმის მოცულობა - 210 632 ლარი;

მინისტრის თქმით, ბოლო წლებში შემოღებულმა რეგულაციებმა ფარმაცევტული ბაზარი მნიშვნელოვნად გააჯანსაღა, თუმცა სამინისტრო თვალს ადევნებს ამ ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, რათა შესაძლო დარღვევებზე დროული რეაგირება ჰქონდეს.

„სამწუხაროდ, ფარმაცევტული სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე ხშირად გამოითქმის საყვედურები ფასების ხელოვნურ ზრდასთან და კონკურენციის ნაკლებობასთან დაკავშირებით და ეს ხშირ შემთხვევაში არგუმენტირებულია. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესების მიზნით, თუმცა მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები იძლევა სიგნალებს, რომ გვესმოდეს, რომ ეს მუშაობა გასაგრძელებელია, რათა სამართლიანი ფასით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეს პაციენტს. ის მანკიერებები, რომლებიც ამ შესწავლამ გამოავლინა, მათ შორის ისეთი კატეგორიის ხარჯების შეყვანა ფასნამატის და ფასწარმოქმნის თვალსაზრისით, არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ. მომავალში გაგრძელდება იმ მიმართულებით მუშაობა, რაც ნიშნავს მათ შორის რეფერენტული ფასების კიდევ უფრო გაძლიერებას და კიდევ უფრო ქმედითი რომ გახდეს, შეიძლება მოცვის გაფართოებაზე ვისაუბროთ,“ - აღნიშნა მინისტრმა.