თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა წელიწადნახევარში დასრულდება. მთლიანად პროექტის დასრულების ვადად კი ორი წელიწადია განსაზღვრული. ამის შესახებ თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ყვავილაშვილმა რადიო „სივრცის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

„თითქმის ბოლოსკენ ვართ გასული. მთლიანად პროექტი დასრულდება ორ წელიწადში, ეს იქნება ლაქშერი სპა, დაემატება რამდენიმე რესტორანი - მათ შორის ევროპული და ქართული. გვექნება healthy but tasty კონცეფცია ანუ საკვები იქნება ჯანსაღი, მაგრამ გემრიელი,“ - განაცხადა სალომე ყვავილაშვილმა. 
რომელი ბრენდით იფუნქციონირებს სასტუმრო, ამ ეტაპზე არ სახელდება. 
ცნობილია, რომ  სასტუმრო 100-ნომრიანი იქნება.

ყვავილაშვილის თქმით, WORLD SPA ანუ "მსოფლიო სპა" მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა სახის სპა-მომსახურებას გააერთიანებს, მათ შორის, "კლეოპატრას აბაზანას", სხვადასხვა სახის მასაჟს, სარელაქსაციო მასაჟებს და სხვა.

მისივე თქმით, WORLD SPA-ს და ახალი სასტუმროს პროექტში უკვე განხორციელდა 20 მილიონი ლარის ინვესტიცია და საბოლოო პროექტამდე გაცილებით მეტის ინვესტირება იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.