ხვალიდან, 15 აგვისტოდან ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადადის და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს ეკრძალება.

ბენეფიციართა რეგისტრაცია კერძო დაწესებულებებიდან სახელმწიფო პროგრამაში გადასვლის მიზნით 11 აგვისტოს დასრულდა.

რამდენიმე დღის წინ ჩანაცვლებითი მკურნალობის მიმწოდებელ სახელმწიფო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ცენტრები სრულ მზადყოფნაში არიან როგორც კვალიფიციური სამედიცინო გუნდის, ასევე საჭირო მედიკამენტებისა და ინფრასტრუქტურული კუთხით.

კანონის ცვლილების ინიციატორთა განცხადებით, კერძო დაწესებულებები

დაინტერესებულნი იყვნენ არა პაციენტის განკურნებით, არამედ მეტი შემოსავლის მიღებით. ამიტომ, რიგ შემთხვევებში არ ამცირებდნენ  პრეპარატის დოზას.

„ჩვენ არ ვერჩით ნარკო-მომხმარებელს, ჩვენი მიზანია, რომ დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკო-მომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს, რაც შეიძლება მეტად გაამწვავოს პრობლემა და ამით უფრო მეტად მოითბოს ხელი," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ დრომდე, დაუბალანსებელი იყო ინტერესთა კონფლიქტი და არსებობდა კონკრეტული კომერციული ინტერესები. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არსებობს ნარკოტიკული საშუალებების ავად მოხმარების ხელშეწყობის დიდი რისკი, რასაც სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირება სჭირდება.