საზოგადოება შეიტყობს იმ კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც დაადასტურებს კერძო დაწესებულებების მიერ მიწოდებული ჩანაცვლებითი თერაპიის ნაკლოვანებებს. ამ შინაარსის განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. 


მიხეილ სარჯველაძის თქმით, დღეიდან ჩანაცვლებითი თერაპიის მიწოდება სრულად სახელმწიფომ გადაიბარა და ეს პროცესი შეუქცევადი იქნება.

„პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ყველამ, ვინც მოგვმართა, შეძლო, სრულიად ნორმალურ პირობებში მიეღო სერვისი. უნდა აღვნიშნო, რომ ადგილი ჰქონდა ისეთ ინციდენტებს, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი გარკვეული და მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მოგვიანებით აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას. 
 მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მომავალშიც ყველა ის სერვისი, რომლებიც მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანებს ესაჭიროება, მაღალი დონით, მათ მკურნალობასა და გამოჯანმრთელებაზე ორიენტირებით წარიმართება. შესაბამისად, ეს პროცესი შეუქცევადი იქნება,“ - აღნიშნა მინისტრმა.