ბე ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით ამ დრომდე 4 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა. მათგან მკურნალობის დაწყება 1500 პაციენტს დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მასთან საუბარში დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ მიმართვიანობა კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს, რადგან ამ დაავადების შემთხვევაში ადრეულ დიაგნოსტირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 


ბე ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული ანთებაა, რომელსაც ბე ჰეპატიტის ვირუსი იწვევს.  პროგრამაში ჩართული პირი სამკურნალო საშუალებებსაც უფასოდ იღებს. ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანს სხვადასხვა გზით, მათ შორის სისხლით და სქესობრივი კონტაქტით გადაედება.  ბე ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2024 წლის ივნისში ამოქმედდა. ბოლო კვლევის მიხედვით, ბე ჰეპატიტი საქართველოს მოსახლეობის 2,7 პროცენტს აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ დიაგნოზის მქონე  80 ათასამდე ადამიანია. მათგან მკურნალობა დაახლოებით 35 ათასს ესაჭიროება. პროგრამა არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ დაავადების პრევენციასაც ითვალისწინებს და ის  ყველასთვის სრულიად უფასოა. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც გატესტვის შედეგად ვირუსი არ დაუდასტურდება, ვაქცინაცია უტარდება, რაც ასევე უფასოა.

“მკურნალობაში 1500-მდე ადამიანია ჩართული და მათგან დაახლოებით მესამედი ჩვენს კლინიკაში, თუმცა ეს არაა საკმარისი. ამ დაავადების მკურნალობისთვის კრიტიკულად აუცილებელია დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენა, რადგან ეს დაავადება წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თუ პაციენტს ჩატარებული არ აქვს ანტივირუსული მკურნალობა, წლების შემდეგ დგება სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, როგორიცაა ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ფიბროზი, ღვიძლის უკმარისობა. ამიტომ ექიმები მოვუწოდებთ მოსახლეობას, დროულად მიაკითხონ კლინიკას, პირველ ეტაპზე ჩაიტარონ სკრინინგული კვლევა და დადებითი პასუხის შემთხვევაში დროულად დაიწყონ კვლევაბი და მკურნალობა, რომელიც ამ პროგრამაში სრულიად უფასოა,” - განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის ცენტრის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში აკაკი აბუთიძემ.

2003 წლიდან, საქართველოში, ახალშობილებს ბე ჰეპატიტზე აცრა უტარდებათ. ამ პერიოდამდე დაბადებული ადამიანები კი რისკის ქვეშ არიან, ამიტომ ექიმები მოქალაქეებს პრევენციისკენ მოუწოდებენ. 


ცენტრის ჰეპატიტების მიმართულების ხელმძღვანელის ვახტანგ ქერაშვილის თქმით, განსაკუთრებულ რისკჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც ერთხელ მაინც მოუხმარიათ ნარკოტიკი, ან ჩაუტრარებიათ სისხლის გადასხმა, არიან ხშირად ნამყოფი სტომატოლოგთან და ა.შ. მათ შეუძლიათ, ქვეყნის მასშტაბით 20-მდე დაწესებულებას მიმართონ პროგრამაში ჩასართავად.