თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის დაღლილობას და მუდმივ სტრესს. შესაბამისად, იცვლება ტურიზმის ინდუსტრიის ტრენდები. ამის შესახებ lifeunhurried.com წერს. 


გამოცემის თანახმად, ექსპერტები ამ მოვლენის ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ. მათი ნაწილის თქმით, ეს შეიძლება პანდემიის შემდგომი ხანგრძლივი სტრესი იყოს, ასევე სახელდება ინფორმაციის გადატვირთვა, ეკრანთან გატარებული დიდი დრო, ჰორმონალური დარღვევა, ძილის ნაკლებობა, ზედმეტი მუშაობა ან  (და დიდი ალბათობით) - ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის „კოქტეილი“.

დაღლილობის ეს ეპიდემია იმდენად გავრცელებულია, რომ მას სახელიც კი შეარქვეს: „დიდი გამოფიტვა“, ტერმინი, რომელიც ამერიკელმა ავტორმა და კომპიუტერული მეცნიერმა კალ ნიუპორტმა შემოიღო იმის აღსაწერად, თუ როგორ ვართ კოლექტიურად გადამწვარი და „ძაფზე ჩამოკიდებულები“.


მაღალი ინტენსივობის არდადეგების ეპოქა სრულდება

გასულ წლებში შვებულება ხშირად გამძლეობის გამოცდა იყო. რაც უფრო მეტ ქალაქს ესტუმრებოდით, მით უკეთესად მიიჩნეოდა. რაც უფრო მეტ აქტივობას მოასწრებდით ვახშმამდე, მით უფრო „წარმატებული“ იყო მოგზაურობა.

მაგრამ ახლა ტენდენციები შეიცვალა. ცხოვრების ხარჯების დეფიციტის, კლიმატური კრიზისის, საბინაო კრიზისის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების და ხელოვნური ინტელექტის გამო ყოველდღიური ცხოვრება ისედაც გამძლეობაზე შეჯიბრს გავს.  მაშ, რატომ უნდა დავჯავშნოთ დასვენება, რომელიც მარათონია, უბრალოდ,  სხვა ადგილას?!

სიმართლე ისაა, რომ მოგზაურობა იცვლება, რადგან ჩვენ შევიცვალეთ. ჩვენ მწარე გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ სამსახური არ არის იდენტობა და ვფიქრობთ გავიგოთ, როგორ გადავიდეთ უფრო მშვიდ და ნელ ტემპზე.

შესაბამისად, იცვლება ტურიზმის ტენდენციები.

აღმდგენი ტურიზმის აღზევება

2026 წლის ადამიანებს სურთ ისეთი მოგზაურობა, რომელიც ნერვულ სისტემას დაამშვიდებს და არა დატვირთავს. ჩვენ არ გვინდა, რომ შვებულება ღელვაში გავატაროთ და სახლში დაბრუნების შემდეგ დასვენება დაგვჭირდეს. ეს ტენდენცია უკვე ძალიან პრაქტიკული გზებით ვლინდება: მოგზაურები ოთხის ნაცვლად ერთ დანიშნულების ადგილს ირჩევენ და იქ უფრო დიდხანს რჩებიან.  ისინი თავგადასავლების ძიების სტრესს თავიდან ირიდებენ და ყოველი წამის ინსტაგრამზე დაფიქსირებისკენ არ მიილტვიან ნორმალური ძილის და დასვენების დროის ხარჯზე. ისინი მეტროპოლიტენებს ანაცვლებენ წყნარი, შეუმჩნეველი ადგილებით, სადაც მთავარი გარემო და და სივრცეა და განტვირთვის შესაძლებლობა არსებობს.

ყველამ ინსტინქტურად ვიცით, რომ უკეთ ვსუნთქავთ და უკეთ ვფიქრობთ, როდესაც ბუნებით ვართ გარშემორტყმულები - იქნება ეს ბორცვები, ოკეანის ხედები თუ ჩიტების ჭიკჭიკი.

მეცნიერება ამას ადასტურებს: მწვანე და ლურჯი სივრცეების ზემოქმედება დაკავშირებულია განწყობის გაუმჯობესებასთან, უკეთეს ძილთან, შფოთვის შემცირებასთან და უფრო მშვიდ ნერვულ სისტემასთან.

ამიტომ, ტურიზმის ექსპერტების მოლოდინია, რომ 2026 წელს მოგზაურები დანიშნულების ადგილებს სულ უფრო მეტად აირჩევენ იმის მიხედვით, რამდენად დიდი შეხება ექნებათ ბუნებასთან.

ტურისტების მოთხოვნებს შორისაა განთავსება ღია ცის ქვეშ, აბაზანით, სადაც  შეტყობინებების ნაცვლად ჩიტების ჭიკჭიკი შეგიძლიათ მოისმინოთ, შეზღუდულია Wi-Fi.

ფერმა ან სოფლის ტიპის დასახლება, სადაც ყოველდღიური ცხოვრება ბუნების რიტმებშია.

ძალიან მოთხოვნადია სანაპიროზე დასვენება, სადაც ოკეანე დროის შეგრძნებას გაკარგვინებთ.

ძილის ტურიზმი მეინსტრიმულ ტრადიციად იქცევა

ძილი ჩუმად იქცა იმის საზომად, ღირდა თუ არა დასვენება. არავის სურს სახლში დაბრუნება იმის თქმით, რომ „ეს სახალისო იყო, მაგრამ მე განადგურებული ვარ“. ჩვენ გვინდა დავბრუნდეთ თქმით: „ვერ ვხვდებოდი, რამდენად მჭირდებოდა ეს“.

ამიტომ ტურისტები ირჩევენ ოთახებს შავი ჟალუზებით და დაბალი განათებით, მაგნიუმისა და კაკაოს შემცველი ღამის სასუსნავებით, სათანადო ხმის იზოლაციით, გვიანი გასვლით.

ამიტომ დიდი სასტუმროები ქირაობენ ძილის კონსულტანტებს თავიანთი ოთახების დასაპროექტებლად, ამატებენ წყნარ ზონებს საერთო სივრცეებში, მაგალითად - მედიტაციის სივრცეებს.

ტურიზმის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრენდის გაძლიერებისთვის ემზადება - ესაა ველნესის მიმართულება, რომელიც დაეხმარება სტუმრებს სტრესის მოხსნაში. ესაა ცივი აბაზანები, ინფრაწითელი ან ტრადიციული საუნები, ორთქლის ოთახები, ღია კოცონის კერები, მედიტაციის ოთახები, სივრცეები ხალიჩებით, ბალიშებით...

ძალიან მოთხოვნადი ხდება ველნეს თერაპიების კურსები.  მაგალითად, მასაჟის მიღება სასტუმროს ნომერში. მოსალოდნელია, რომ კრეატიულობისა და პერსონალიზაციის დონე 2026 წელს მკვეთრად გაიზრდება პირდაპირ კართან მიტანის ვარიანტებით, როგორიცაა: 


თქვენი პირადი აბაზანა, ინდივიდუალური იოგას ან სუნთქვის ვარჯიშის სესია,
რელაქსაციის სესიები (მასაჟი, აკუპუნქტურა, სახის მოვლა)... მართული მედიტაციის ან დღიურის წერის სესიები.

ასე რომ, მომავალ წელს ყველაზე სასურველი მოგზაურობები არ იქნება გადატვირთული. ეს იქნება ის მოგზაურობები, სადაც „სუნთქვის“ საშუალება გექნებათ. ის მოგზაურობები, სადაც შეგიძლიათ დაიძინოთ „დღეს ფუჭად კარგვის“ გრძნობის გარეშე და გაიღვიძოთ სრულად და ნამდვილად აღდგენილმა.

მარტივად რომ ვთქვათ, 2026 წელს დასვენება არ არის მოგზაურობის ჯილდო... ეს არის მთელი მიზეზი, რის გამოც მივდივართ უცხო ქვეყანაში ან საკუთარი ქვეყნის რომელიმე კურორტზე.