მოჰყვა თუ არა შედეგი ორი წლის წინ ამოქმედებულ რეგულაციას – თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და აღნიშნავს, რომ სტატისტიკის თანახმად, აბორტებთან დაკავშირებით 2024 წლის იანვრიდან კლინიკებისთვის გამკაცრებულმა მოთხოვნებმა აბორტების მაჩვენებელი გარკვეულწილად შეამცირა. 


თუმცა, სპეციალისტები აღნიშნავენ იმასაც, ორმ პრობლემები რჩება – განსაკუთრებით რეგიონებში. კანონში შესული ცვლილებები სამშობიაროებს ავალდებულებს, ქალს შესაბამის ოპერაციაზე მხოლოდ სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ჩართულობის შემდეგ დათანხმდნენ და ხუთდღიანი მოსაფიქრებელი ვადა დაიცვან. დარღვევების შემთხვევაში კლინიკის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა დგება. ორი წლის თავზე ექიმები აბორტების კლების ტენდენციაზე საუბრობენ და ახალ რეგულაციებთან ერთად სტატისტიკის შემცირებას ცნობიერების ასამაღლებლად ჩატარებულ კამპანიასაც უკავშირებენ. 


ამის შესახებ საუბრობს გაგუას კლინიკის ხელმძღვანელი. დავით გაგუას თქმით,  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორი წლის წინ ამოქმედებული რეგულაციები ამ დადებით ტენდენციას ხელს უწყობს. 


კლინიკის მეან-გინეკოლოგის შოთა მუნჯიშვილის თქმით, ბოლო 10 წელიწადში აბორტების მაჩვენებელი ქვეყანაში სამჯერაა შემცირებული. ამას, მისი განცხადებით, ხელს უწყობს ოჯახის დაგეგმვის კულტურის ამაღლებაც. 
„როცა პაციენტი იგებს, რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს აბორტმა, ამის გამო ხშირად ბევრს გადაუფიქრებიათ ამ ნაბიჯის გადადგმა. დედათა სიკვდილობაში აბორტით გამოწვეული სიკვდილობა მაღალი პროცენტია,“ - აცხადებს გაგუა. 


„ჩვენს კლინიკას ძალიან ბევრი წყვილი მიმართავს ოჯახის დაგეგმარებასთან დაკავშირებით. ოჯახის დაგეგმვა მოიცავს ღონისძიებათა ისეთ კომპლექსს, როგორიცაა არასასურველი ორსულობის თავიდან არიდება, ასევე ძალიან მაღალია კონტრაცეფციული საშუალებების ხელმისაწვდომობა და ისინი ბევრად პოპულარულია, ვიდრე გასულ წლებში,“ - აღნიშნა მუნჯიშვილმა. 

საქართველოს მეან გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის თენგიზ ასათიანის თქმით კი, პრობლემაა მედიკამენტოზური აბორტები, რომლებიც სახლის პირობებში კეთდება და ამიტომ, რეალური მონაცემები ოფიციალურ სტატისტიკას, სავარაუდოდ, აჭარბებს. მისივე განცხადებით, აღნიშნული მედიკამენტები აფთიაქებში თავისუფლადაა ხელმისაწვდომი.


„იყო საუბარი, რომ ეს მედიკამენტები მხოლოდ რეცეპტით უნდა გაიცემოდეს, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს ასე არ ხდება. ჯანდაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს, რომ ეს მედიკამენტები მკაცრი რეცეპტით გაიცემოდეს და სურვილის მიხედვით არ იყიდებოდეს. ბოლო წლებში ბევრი გაკეთდა იმ თვალსაზრისით, რომ ექიმებისთვის გამოშვევბულიყო გაიდლაინები, მიდის მათი სწავლება. ვცდილობთ, ქალების განათლების დონეც გაიზარდოს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის,“  - განაცხადა ასათიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.  
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის გადაწყვეტილება 12 ათასამდე ქალმა მიიღო. მათგან 307  20 წლამდე ასაკის იყო, სამი კი 15 წელს მიღწეული არ ყოფილა. მართალია, ეს მონაცემი წლიდან წლამდე იკლებს, თუმცა  ქვეყანაში აბორტების კოეფიციენტი სამიზნე მაჩვენებელს ჯერ კიდევ აღემატება.