თამბაქოს პროდუქტებს საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 25.4% და ახალგაზრდების 14% მოიხმარს. ასეთია თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა წარადგინა.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან ის დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას. მისივე განცხადებით, პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათ გადასაჭრელად ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია კვლევები, რომელთაგან მიღებულ მტკიცებულებებზეც, დაფუძნდება შემდგომი ნაბიჯები. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მიუთითებს დადებით დინამიკას, თუმცა, საჭიროა თამბაქოს კონტროლის გაძლიერება. კვლევების მონაცემების საფუძველზე მიღებული ეფექტური გადაწყვეტილებები უკვე ასახულია 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში. კვლევები, 2023-2025 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოხმარების პარალელურად, თამბაქოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც მოიცავდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ასევე - სხვა მოწვეული სტუმრები.
სილვიუ დომენტეს განცხადებით, საქართველომ თამბაქოს კონტროლის მიმართულებიტ პროგრესს მიაღწია.
„საქართველო, წლების განმავლობაში, ახორციელებს თამბაქოს კონტროლის მკაცრ პოლიტიკას, რაც დაიწყო 2017–2018 წლებში მიღებული ძლიერი კანონმდებლობით და გაგრძელდა ამ კანონმდებლობის აღსრულებით. თუმცა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, არსებობდა კითხვა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ეფექტიანობის შესახებ. მოზრდილთა თამბაქოს მოხმარების გლობალური კვლევის მონაცემები მკაფიოდ ადასტურებს, რომ აღნიშნული პოლიტიკა შედეგიანია. თუ ადრე ვსაუბრობდით, რომ თამბაქოს მოიხმარდა საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30%, დღეს ეს მაჩვენებელი ერთ მეოთხედამდეა შემცირებული, ეს პროგრესია. დაგეგმილია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით აღნიშნული ანგარიშის დასრულება და მისი გამოქვეყნება. ანგარიში და მასში ასახული მონაცემები გახდება მყარი საფუძველი ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკისთვის,“ - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.





