ნოზოკომიური (საავადმყოფოს შიდა) ინფექციები ქართული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამ საკითხს მიეძღვნა სამედიცინო ასოციაციების შეხვედრა, რომლის მთავარი მომხსენებელი საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი დავით ჯიქია იყო.

აღინიშნა, რომ ნოზოკომიური ინფექციების ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში ფაქტიურად არ არსებობს. სხვადასხვა შიდა კვლევებითა და ემპირიული შეფასებით მისი წილი საერთო ინფექციებში, ოპტიმისტური პროგნოზითაც კი 25% ს აღემატება. ზოგ კლინიკაში კი შესაძლოა ის 50 % საც აღემატებოდეს.

ცნობისთვის: აშშ ში ეს მაჩვენებელი 3-5 %, ხოლო ევროკავშირში 7%- მდეა.

ნოზოკომიური ინფექციები წარმოადგენს დიდ საფრთხეს პაციენტების სიცოცხლისთვის, როგორც კონკრეტული დაავადების გამოსავლის, ასევე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის კუთხით .სახელმწიფოსთვის კი, ეს იწვევს დანახარჯების საგრძნობ ზრდას.

შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ნოზოკომიური ინფექციების პრობლემას სხვადასხვა მიზეზი აქვს. საჭიროა სერიოზული ღონისძიებების გატარება ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად.დღეს კი, მათივე თქმით, კლინიკები ამ პრობლემას მალავენ, რისი მიზეზიც სახელმწიფოსგან დაფინანსების არ მიღების საფრთხეა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება უკვე წლებია ითხოვს ამ და სხვა საკითხებისადმი მიდგომის შეცვლას, რასაც გაერთიანების არაერთი განცხადება თუ შეხვედრა დაეთმო და სახელმწიფოსადმი მიმართვა მოჰყვა.

გაერთიანებაში იმედოვნებენ, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, კლინიკების , სახელმწიფოსა და დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობით.