ბოლო პერიოდში საქართველოში სულ უფრო მეტი ექიმი და კლინიკა საუბრობს იმის შესახებ, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრ პაციენტს ჰქონდეს საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობა, რათა მათ უცხოეთში წასვლა არ უწევდეთ. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ნაკლები პაციენტი მიდიოდეს თურქეთში და რთული პათოლოგიების ხარისხიანი მკურნალობა, რისთვისაც ადამიანები მეზობელ ქვეყანაში მიდიან, საქართველოში იყოს ხელმისაწვდომი. 


არავინ დავობს, რომ თურქეთში ჯანდაცვის სექტორი განვითარებულია და, შესაბამისი სახსრების არსებობის პირობებში, უმაღლესი ხარისხის მკურნალობის მიღებაა შესაძლებელი. თუმცა, ამავდროულად, ექიმების ინფორმაციით, არის ბევრი ფაქტი, როცა თურქეთში მიღებული მკურნალობის შედეგად ქართველი პაციენტები ზარალდებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი პასუხისმგებელი მხარე არ არსებობს. 
პრობლემაზე ისაუბრა ერთი თვის წინ, სამედიცინო ეკოსისტემა "პინეოს" ბარიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მერაბ ჯანელიძემ. მისი თქმით, თურქეთში ბარიატრიული ოპერაცია ბევრად იაფი ღირს. თუმცა, ამავდროულად, კეთდება მხოლოდ 1-დღიანი კვლევის საფუძველზე. ამასთან, ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ პაციენტი საჭიროებს ერთთვიან მეთვალყურეობას, რაც ოპერაციის თურქეთში  გაკეთების პირობებში ვერ სრულდება. 

შედეგად კი, როგორც ქირურგი ამბობს, თურქეთში ბარიატრიული ოპერაციის მიზნით თვეში რამდენიმე ათეული პაციენტი მიდის. თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი რისკების გამო, ბოლო პერიოდში იყო რამდენიმე ფატალური შემთხვევა. 

იგივე სახის პრობლემაზე საუბრობს კლინიკა ,,ჯერარსის” სისხლძარღვთა ქირურგი ჯუმბერ ფარცახაშვილი. მისი თქმით, „ჯერარსი“ ორიენტირებულია იმ პაციენტებზე, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდებათ, მაგრამ მატერიალურ სახსრების უქონლობის გამო ამას ვერ ახერხებენ. „შესაძლებელია მათი ოპერირება იმ სერვისების ფარგლებში, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა უზრუნველყოფს. ამიტომაც დავიწყეთ ამ რთული პათოლოგიების მკურნალობა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კლინიკაში, ამერიკავკასიაში პირველად, ჩატარდა გულიდან გამომავალი ყველაზე დიდი სისხლძარღვის ენდოვასკულარული პროტეზირება გაჭრის გარეშე, რაც ერთეულ ქვეყნებში ხდება,“ - აღნიშნა ქირურგმა. 


მისივე თმით, გეგმაშია, ჩამოყალიბდეს იშვიათი სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ცენტრი, რის შედეგადაც ბევრი რთული პათოლოგიის მაღალხარისხიანი მკურნალობა საქართველოში იქნება შესაძლებელი. 


ჯუმბერ ფარცახაშვილის თქმით, უცხოეთში მკურნალობა პაციენტისთვის პრობლემაა, თუნდაც შესაბამისი ფინანსები ჰქონდეს, რადგან მშობლიურ გარემოში სერვისის მიღება ბევრად კომფორტულია. 


„ჩვენი თვითმიზანია, რაც შეიძლება ნაკლები პაციენტი გაემგზავროს თურქეთში.  ძალიან ბევრი პაციენტი მოგვმართავს, რომელსაც არასწორად აქვს ჩატარებული მკურნალობა თურქეთში, კლინიკა კი მთლიანად ირიდებს ასეთ პაციენტს და პასუხსაც ვერავის მოსთხოვთ,“ - განაცხადა ქირურგმა. 


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უცხოეთში აფინანსებს ისეთ  ჩარევებს, რომლებიც საქართველოში არ კეთდება და რის შესახებაც კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტურად აცნობებს. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული მკურნალობა საქართველოში ტარდება, თუმცა პაციენტს სურვილი აქვს ის მაინც უცხოეთში ჩაიტაროს, მას დაფინანსება საკუთარი სახსრებით უწევს. 

ექსპერტების ნაწილის მოლოდინია, რომ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის შემდეგ, რომლის ვალდებულებაც კლინიკებს 2025 წლის იანვრიდან წარმოეშობათ, საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმების მიმართ პაციენტების ნდობა გაიზრდება, რაც იქნება ერთ-ერთი გზა, რომ უცხოეთში სამკურნალოდ წასული მოქალაქეების რაოდენობა შემცირდეს. მათი თქმით, ბევრი ჩარევა, რომლის გამოც პაციენტები უცხოეთში, ყველაზე ხშირად კი თურქეთში მიდიან, საქართველოშიც წარმატებით ტარდება, თუმცა დაბალი ნდობის გამო პაციენტების ნაწილი მაინც საზღვარგარეთ წასვლას ამჯობინებს. ექსპერტების ნაწილის შეფასებით, ამ მდგომარეობის გამოსწორების მიზნით აუცილებელია შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაც.