საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანიის  საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს  ეროვნული სკრინინგ ცენტრი სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობას მართავს. თემას საქართველოს პირველი არხი აშუქებს და აღნიშნავს, რომ კვირეულის მთავარი გზავნილია: „არ გადადო საკუთარი ჯანმრთელობა“.  კიბოს ეს სახეობა  ერთ-ერთი ყველაზე თავიდან აცილებადი ონკოლოგიური დაავადებაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დროულად გამოვლინდა, სწორედ ამიტომ ექიმების განმარტებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და დროული პროფილაქტიკა.


ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძის ინფორმაციით, სკრინინგზე მიმართვიანობის დადებითი დინამიკა იძლევა იმედს, რომ პროფილაქტიკურ კვლევებში მომდევნო წლებში  კიდევ უფრო მეტი ქალი ჩაერთვება. ამით კი ისინი არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას დაიცავენ, არამედ სხვა ქალებსაც გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, რათა რაც შეიძლება ბევრი მათგანი ჩაერთოს ამ პროცესში. კიღურაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სკრინინგი ქალებმა რეგულარულად იტარონ, რადგან ეს არაა ერთჯერადი პროცედურა.  
საშვილოსნოს ყელის კიბო იმ იშვიათ დაავადებებს შორისაა, რომლის განვითარებაც შეიძლება წლების განმავლობაში შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს. ქალი თავს ჯანმრთელად გრძნობდეს,  ტკივილისა და

სხვა სიმპტომების გარეშე, თუმცა  შესაძლოა ამის უკან  იმალებოდეს  საფრთხე, რომლის გამოვლენის მარტივი საშუალება სკრინინგია.  


გინეკოლოგ თამარ ალიბეგაშვილის თქმით, კიბოსწინარე მდგომარეობა, სამწუხაროდ, აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიდის. 

„როცა უკვე სიმპტომია სახეზე - იქნება ეს სისხლიანი გამონადენი თუ ტკივილი, ეს ნიშნავს, რომ შორს წასულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ადრეული გამოვლენა კი ეს არის იმის გარანტი, რომ პაციენტი სწორად იქნება მართული, ამასთან, გამოვლენილი დაზიანების მკურნალობა უფრო მარტივია,“- აღნიშნა ალიბეგაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში. 


როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25 წლიდან 60 წლის ქალებისთვის სრულიად უფასოა თუმცა, მიუხედავად ხელმისაწვდომობისა და უფასო პროგრამებისა, ბევრი ქალი სკრინინგზე  არ მიდის.  ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დიაგნოზის შიშია. თუმცა, როგორც ექიმები აღნიშნავენ, ყველაზე საშიში სწორედ დაუდგენელი დაავადებაა. მეორე მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობა სახელდება. 

ეროვნული სკრინინგ ცენტრი ქალებს მოუწოდებს, გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა და უფასოდ ჩაიტარონ გამოკვლევა, რომელიც დაავადებების რთულ ფორმებს ააცილებს თავიდან.