DRG-სისტემის შემოღებამ შეამცირა პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, რეადმისია (პაციენტის ხელახლა მოხვედრა საავადმყოფოში, გაწერიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში) და ლეტალობის მაჩვენებელი. ასეთია კვლევის შედეგები, რომლის მიზანი იყო ამ სისტემის გავლენის შეფასება ინფარქტიანი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე. კვლევა, რომელიც საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „ეკონომიკა და ბიზნესი“ გამოქვეყნდა, სამი დიდი საავადმყოფოს 2021-2024 წლების მონაცემებს მოიცავს, ავტორები კი არიან თენგიზ ვერულავა (კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი), რევაზ ჯორბენაძე (აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი) და გიორგი კურტანიძე (კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტი).
DRG გულისხმობს იმას, რომ მსგავსი დიაგნოზის მქონე დაავადებები გაერთიანებულია ერთ ნოზოლოგიურ ჯგუფში და თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება საშუალო ხარჯები, აუცილებელი კლინიკური და დიაგნოსტიკური ღონისძიებები, თანმხლები დაავადებები და ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობა. საქართველოს DRG დაფინანსების მოდელი დაფუძნებულია ლატვიურ მოდელზე, რომელიც იყენებს Nord DRG სისტემას.
2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედებული რეფორმის ძირითადი მიზანი იყო ჯანდაცვის სერვისების ეფექტიანობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
ამ მოდელის შემოღებამდე, სამედიცინო ორგანიზაციების დაფინანსება ხდებოდა ჩარევის მიხედვით, ანუ კონკრეტულ პაციენტს იმის მიხედვით უნაზღაურდებოდა ხარჯი, თუ რა ჩარევა დასჭირდა მას.
სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, ერთსა და იმავე მომსახურებას განესაზღვრა ერთი ტარიფი, პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ უწევს და მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს (0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).
კვლევის ფარგლებში, შესწავლილ იქნა მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების მონაცემები DRG-ის ამოქმედებამდე და DRG-ის დანერგვის შემდეგ. კვლევაში ჩართული იყვნენ პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ან ჩაიტარეს კორონარული ინტერვენცია.
კვლევისთვის გამოყენებულ იქნა მიოკარდიუმის ინფარქტით ჰოსპიტალიზებული პაციენტების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების მონაცემები, სადაც მითითებული იყო პაციენტთა დემოგრაფიული მახასიათებლები, დიაგნოზი, ჰოსპიტალიზაციის და გაწერის თარიღები, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, ჩატარებული პროცედურები, გაწერის სტატუსი და ხარჯები. სულ შეირჩა 2655 პაციენტი. მონაცემების გაანალიზებამ აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ახალი მოდელის ამოქმედების შემდეგ 5,8-დან 5,2 დღემდე შემცირდა, ჰოსპიტალური სიკვდილიანობა 1,4%-დან 1%-მდე, რეადმისია 30 დღის განმავლობაში 3,2%-დან 2,3%-მდე.
შედეგად, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, DRG-გადახდის სისტემის დანერგვამ არსებითად შეამცირა როგორც ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობა, ასევე ხელახალი ჰოსპიტალიზაციის სიხშირე. ამასთან, მიუხედავად საავადმყოფოების დაფინანსების ზრდისა, ერთ შემთხვევაზე გაწეული საშუალო ხარჯი და პაციენტთა პირადი დანახარჯი შემცირდა, რაც ჰოსპიტალური სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ერთ ჰოსპიტალიზაციაზე საშუალო დანახარჯი წარმოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს, რაც რესურსების ოპტიმალური და რაციონალური გამოყენების ხარისხს ასახავს.
„შესაბამისად, DRG-გადახდის მოდელი ქმნის ძლიერ სტიმულს სამედიცინო ორგანიზაციებისთვის ხარჯების შემცირების მიმართულებით, რითაც უზრუნველყოფს შემოსავლების ზრდას. DRG-გადახდის მეთოდის დანერგვამ ასევე განამტკიცა ჯანდაცვის სისტემაში გაზომვადობა, გამჭვირვალობა და ხარჯების პროგნოზი, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია სექტორის მდგრადი განვითარებისათვის. კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმის შემდეგ განხორციელებული ტარიფების გადახედვის შედეგად, საავადმყოფოს დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა 2894 ლარიდან 4206 ლარამდე. თუმცა, რეფორმის შემდეგ პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა 804 ლარიდან საშუალოდ 402 ლარამდე შემცირდა,“ - ნათქვამია ნაშრომში.





