სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მედიკამენტების ფასებზეც იმუშავებს. 
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასევე შესწავლილი იქნება საწვავის ფასები - ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა. მათ შორის, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. 
სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

„კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება.


სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.