მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების გადახედვა პერიოდულად მიმდინარეობს და ისინი ნოემბერშიც შეიცვალა, როცა ზოგიერთ მათგანზე ფასებმა დაიკლო, ზოგიერთზე კი გაიზარდა.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეფერენტული ფასი, ანუ ფასის ზედა ზღვარი დადგენილია ათასობით ესენციურ, ანუ ყველაზე მნიშვნელოვან მედიკამენტზე, და ამ ზღვრის დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს ფარმაცევტული კომპანიების მიმართ რეაგირების საკმაოდ მკაცრი მექანიზმები აქვს.
ამასთან, მისი თქმით, ეს ფასები მუდმივად ახლდება.
„ნოემბერში შეიცვალა, ზოგიერთ შემთხვევაში მცირედით გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაიკლო ღირებულებამ. ზოგმა აქტუალობა დაკარგა, რადგან სხვა მედიკამენტებით ჩანაცვლდა. ესეც ცოცხალი პროცესია,“ - განაცხადა მინისტრმა.
ის მედიკამენტების ხარისხის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქვეყანამ საბოლოოდ შეძლო იმის მიღწევა, რომ როგორც საქართველოში წარმოებული, ისე იმპორტირებული პრეპარატები აკმაყოფილებს უმაღლეს, ჯიემპი სტანდარტს. სარჯველაძის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა არცერთი, მოკრძალებული ხარისხის მედიკამენტი ქართულ ბაზარზე ვეღარ მოხვდება და, შესაბამისად, პაციენტები მეტად არიან დაცული უხარისხო წამლებისგან, ვიდრე ეს რეფორმამდე იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ანუ ზღვრული ფასები 2023 წლის იანვრიდან მოქმედებს და ამ მედიკამენტების სიაში 7500-ზე მეტი პრეპარატია შესული.
რეფორმის მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, სახელმწიფომ, მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა.





