თურქი პროფესორი ალი ერდოღანი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების უკონტროლო გამოყენება ადამიანებს სოციალურ იზოლაციაში აქცევს. ამიტომ ის აფრთხილებს ადამიანებს, რომ AI-ს ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა მასზე დამოკიდებულება და „ხელოვნური ინტელექტის მარტოობა“ გამოიწვიოს. 
ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების უბრალო ინფორმაციის შეგროვების ინსტრუმენტებიდან „ციფრულ ფიგურებად“ გარდაქმნა, რომლებთანაც ადამიანები დროს ატარებენ, ფსიქოლოგიურ რისკებს იწვევს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა ამ  ნეგატიურ ტენდენციაზე სპეციალური კვლევა ჩაატარა და განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის რევოლუციური განვითარება, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ამარტივებს, იწყებს რეალური მეგობრობის ჩანაცვლებას და სოციალური კავშირების შესუსტებას.

ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელოვნური ინტელექტი აჩქარებს ადამიანების რეალური გარემოსგან განცალკევებას.


„ბოლო დროს ადამიანებმა ყველაფერი ხელოვნურ ინტელექტს სთხოვეს, მასთან საუბარი დაიწყეს და ამ გზით ისინი რეალურ გარემოს დაშორდნენ. მე ამ სიტუაციას „ხელოვნური ინტელექტის მარტოობას“ ვუწოდებ,“ -  აღნიშნა  მან და დაამატა, რომ რომ ადამიანებს, ბუნებით, სჭირდებათ თვალის კონტაქტი, ღიმილი და ორმხრივი ურთიერთქმედება, ხელოვნური ინტელექტი კი, რომელიც მთლიანად მექანიკურად მოქმედებს და ბრძანებებზეა დაფუძნებული, ვერ ავსებს ამ სიცარიელეს.

„პოზიტიური აფირმაციებისა და მაამებელი მტკიცებულებების მუდმივმა გამოყენებამ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება ინდივიდებში დესენსიბილიზაცია გამოიწვიოს. ამან შეიძლება გაამწვავოს მარტოობის გრძნობა და მნიშვნელოვნად გაზარდოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვითი აშლილობები. არსებობს გაფრთხილებებიც კი, რომ ამ სიტუაციამ შეიძლება თვითდაზიანების ქცევები გამოიწვიოს,“ - განაცხადა სპეციალისტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პროცესი, რომელიც ქუჩის თამაშებიდან „პლანშეტური ბავშვობისკენ“  განვითარდა, იზოლაციაში გადაიზარდა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ზრდასრულებსაც ეხება 
„ქცევითი დამოკიდებულებები ბოლო დროს სწრაფად იზრდება. ეს პროცესი ციფრული თამაშებით დაიწყო, სოციალური მედიით გაგრძელდა და ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტი დაემატა. ახლა ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულება ფსიქიატრიული  დაავადების კანდიდატია,“ - დასძინა ექსპერტმა.

დამოკიდებულების თავიდან აცილების გზად კი ის რეალურ ურთიერთობებსა და გაჯეტების ზომიერ გამოყენებას ასახელებს.

მისი თქმით, ტექნოლოგიური უპირატესობები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი, თუმცა ციფრულ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტა და რეალობაში დაბრუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ დამოკიდებულებისგან თავის დასაცავად ერდოღანი რამდენიმე რეკომენდაციას გვიზიარებს:

„აუცილებელია გამოყენების დროის გონივრულად განსაზღვრა და ლიმიტების დაწესება. მთელი დღის ხელოვნურ ინტელექტთან გატარების ნაცვლად, ის, როგორც წესი, სამუშაო ან სასარგებლო ამოცანებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ამას გარდა, სოციალური ურთიერთქმედების გაზრდა, მეგობრებთან ერთად გასვლა, სპორტით დაკავება და ბუნებაში დროის გატარება დაგვეხმარება ამ დამოკიდებულებისგან დაცვაში. ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი ცხოვრება გაცილებით გაამარტივა, მაგრამ ჩვენ მაინც გვჭირდება ნამდვილი ინტელექტი, რეალური ადამიანები და გულწრფელი ღიმილი,“ - დასძინა სპეციალისტმა, რომლის სიტყვებსაც თურქული გამოცემა Medimagazin-ი ციტირებს. 


ცნობისთვის: ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზრის ღირებულება სხვადასხვა წყაროების მიხედვით განსხვავდება. სახელდება სხვადასხვა თანხა, 250 მილიარდი დოლარით დაწყებული, 800 მილიარდით დამთავრებული. 

არსებობს პროგნოზები, რომ 2031 წლისთვის ამ ბაზრის მოცულობა 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.