როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი დარეგისტრირებულია ამ კლინიკაში და ეს ადამიანი არ იმყოფება საქართველოში, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის იმ ბრძანებას ეხებოდა, სადაც საუბარია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან. მის განმარტებას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„ეს არის აბსოლუტური ტყუილი - არავითარ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არის სიცრუე. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი დარეგისტრირებულია ამ კლინიკაში და ეს ადამიანი არ იმყოფება საქართველოში. კლინიკის დაფინანსება არ მოხდება იმიტომ, რომ ადამიანი არის 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ. ხოლო ამ ადამიანს როგორც კი ჩამოვა შეეძლება ჯანდაცვის სისტემით და საყოველთაო დაზღვევით ისარგებლოს. არავითარი შემხებლობა მიღებულ გადაწყვეტილებას არ აქვს, პირიქით, ხარჯების რაციონალურ გაწევასთან არის დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უწყვეტად, 6 თვე და მეტი ვადით იმყოფებიან. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ბრძანება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უკვე ამოქმედდა.





