პოზიტიური აზროვნება აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც პოტენციურად ზრდის ვაქცინების ეფექტიანობას. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღის წინ, რეცენზირებულ ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ პლაცებოს ეფექტის მსგავსად, დიდი ხანია ცნობილია, რომ პოზიტიურ მოლოდინებს შეუძლია პაციენტს სარგებელი მოუტანოს.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ტვინის ჯილდოს სისტემის გააქტიურებამ შეიძლება გააძლიეროს იმუნური დაცვა. თუმცა, გაურკვეველი დარჩა, შეიძლებოდა თუ არა მსგავსი შედეგის მიღება ადამიანებში.
ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამის შესამოწმებლად კვლევა 85 ადამიანზე ჩაატარეს. ისინი სამ ჯგუფად გაიყვნენ.
პირველმა ჯგუფმა შეასრულა გონებრივი ვარჯიშები, რომლებიც ზრდიდა ტვინის ჯილდოს სისტემის აქტივობას. მეორე ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო სესიებში, რომლებიც გონებრივი ძალისხმევის იგივე დონეს მოითხოვდა, მაგრამ ეს სესიები ფოკუსირებული იყო ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ჯილდოს დამუშავებაში.
მესამე ჯგუფმა არცერთ სავარჯიშო სესიაში არ მიიღო მონაწილეობა.
ოთხი სესიის შემდეგ, ყველა მონაწილემ მიიღო B ჰეპატიტის ვაქცინა. ორი და ოთხი კვირის შემდეგ აღებული სისხლის ნიმუშები გაანალიზდა ჰეპატიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონის დასადგენად.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც პოზიტიურ აზრებს ავლენდნენ, სხვებთან შედარებით მეტი ანტისხეული გამოუმუშავდა.
„როგორც ჩანს, ეს პირველი მტკიცებულებაა, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის ტვინში ჯილდოს სისტემის გააქტიურების სწავლა ზრდის ვაქცინის ეფექტიანობას“, - ამბობს სტატიის ერთ-ერთი ავტორი, ტალმა ჰენდლერი.
მეორეს მხრივ, კვლევას გარკვეული შეზღუდვები აქვს, მაგალითად, მონაწილეთა მცირე რაოდენობა. გარდა ამისა, მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ დასკვნები არ გულისხმობს, რომ პოზიტიურმა აზროვნებამ უნდა ჩაანაცვლოს არსებული პრეპარატები ან ვაქცინები.





