გართულდება თუ არა ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში ზამთრის სეზონის დასრულებამდე კიდევ ერთხელ. თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და აღნიშნავს, რომ სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად, სპეციალისტები გრიპის შემთხვევების მატებას თებერვლის მეორე ნახევარში ელოდებიან.

რესპირატორული ვირუსების გარდა, ამ სეზონზე ქვეყანაში ჩუტყვავილას შემთხვევებიც დაფიქსირდა, მედიკოსები მშობლებს სიფრთხილისა და პრევენციული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.

დაავადებათა ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 160-ია, თებერვლის მეორე ნახევარში კი მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 300-მდე გაიზრდება. 

მისი თქმით, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, რომელი შტამი  გააგრძელებს ცირკულაციას. ამ ეტაპზე კი ე.წ. ჰონგ-კონგის შტამი დომინირებს. 


მისივე განცხადებით, B ტიპის ვირუსის შემთხვევები ამ სეზონზე ერთეული იყო.


ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, არდადეგების პერიოდში გრიპის ვირუსების შემთხვევები შემცირებული იყო. მაგრამ როგორც კი სწავლის პროცესი დაიწყება, შემთხვევების მატება გვექნება, რადგან „ჰონგ-კონგის“ ვირუსი ძალიან გადამდებია. 


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში სახელმწიფო დაფინანსებით შემოსული 200 ათასი დოზა ვაქცინიდან 160 ათასია გამოყენებული.