განათლების რეფორმის კონცეფციის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან შედის ძალაში, მოსწავლეებს სკოლის პერიოდში მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალებათ. რა  ფორმით დაინერგება ახალი წესი და რა შემთხვევებში დაიშვება გამონაკლისები - ეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გახდება ცნობილი. თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და აღნიშნავს, რომ რეგულაციის შემოღების მიზეზი მოზარდებს შორის მობილური ტელეფონების გამოყენების საგანგაშო მაჩვენებელია.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე ამბობს, რომ გაჯეტების ხშირი გამოყენება ბავშვებში ისეთ პრობლემებს წარმოქმნის, როგორიცაა სწავლის დროს და ზოგადად, კონცენტრაციის დარღვევა, დასწავლის პრობლემა, ქცევის დარღვევები, ყველაზე პატარებში კი განვითარების შეფერხება. მისივე თქმით, ბავშვის განვითარებისთვის პირველი ორი  წელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ მშობლებმა ორ წლამდე ასაკის ბავშვებს სმარტფონები და სხვა მოწყობილობები საერთოდ არ მისცენ, რათა გონებრივი განვითარებისა და მეტყველების შეფერხების რისკი არ წარმოიქმნას.


„მოსახლეობის დაახლოებით 40% ავადობს გაჯეტებზე დამოკიდებულებით, ასაკობრივი ჯგუფების შეუზღუდავად, თუმცა ბავშვები, ცხადია, უფრო მოწყვლადები არიან. ამ პროცესში სხვადასხვა გამოწვევა და ფობია გაჩნდა - მაგალითად ნომოფობია, რომელიც გაჯეტის დაკარგვის შიშს გულისხმობს. ეს შიში კი იწვევს სხვადასხვა სომატურ გამოვლინებას, მათ შორის ჭარბ ოფლიანობას, შიშებს, უძილობას, ვიტალური მოთხოვნილებების დარღვევას, კვებით აშლილობებს და სხვა,“ - განაცხადა კოტრიკაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში. 


ბავშვთა ნევროლოგი სოფიო ბახტაძე კი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, 6-დან 18 ასაკამდე ბავშვის ეკრანთან ურთიერთობა დღეში 40 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. 

„სასურველია, სასკოლო პროგრამაში ძალიან დიდი წილი და აქცენტი გადატანილი იყოს ფიზიკურ აქტივობაზე. ეს ერთის მხრივ, ბავშვების ფიზიკურ  ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს და ამავე დროს, ეს  ბავშვების ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა,“ - განაცხადა სოფო ბახტაძემ. 
იუნისეფის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვების 35 % დღის განმავლობაში  ელექტრონულ მოწყობილებებს ერთ საათზე მეტხანს იყენებს. მათი რეკომენდაციაა, ამ ასაკის ბავშვებში ეკრანთან დროის გატარება ერთ საათს არ აღემატებოდეს და სასურველია, რომ პროცესში მშობლები იყვნენ ჩართულები.