დღეს, 2026 წლის 22 იანვარს შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად ტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს მონაცემებით, შტატები ჯანმოდან ოფიციალურად გასვლას გეგმავს მიუხედავად გაფრთხილებებისა, რომ ეს ზიანს მიაყენებს როგორც აშშ-ს, ასევე გლობალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვას და დაარღვევს აშშ-ის კანონს, რომელიც ვაშინგტონს ავალდებულებს გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს 260 მილიონი დოლარი გადაუხადოს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჯანდაცვის მრავალი ექსპერტი, მათ შორის ჯანმო-ს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი, თეთრ სახლს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებდა.
ჯანმო-ს წარმომადგენლების თქმით, შეერთებულ შტატებს ჯერ არ გადაუხდია ორგანიზაციისთვის 2024 და 2025 წლების შენატანი. ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები აშშ-ს გასვლის საკითხს თებერვალში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
აშშ-ს გასვლამ ჯანმო-სთვის ბიუჯეტის კრიზისი გამოიწვია, რის გამოც მას მენეჯმენტის გუნდის განახევრება და სამუშაო დატვირთვის შემცირება მოუწია. ვაშინგტონი ტრადიციულად ჯანმო-ს ყველაზე დიდი ფინანსური კონტრიბუტორი იყო. 2026 წლის შუა პერიოდისთვის გლობალური ორგანიზაცია თავისი პერსონალის დაახლოებით მეოთხედს შეამცირებს.
გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები.
2025 წლის 21 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ქვეყნის ჯანმო-დან გასვლის შესახებ, გადაწყვეტილების მიზეზად კი გადაჭარბებული შენატანები დაასახელა. ამერიკის წევრობა ჯანმო-ში ოფიციალურად 2026 წლის 22 იანვარს მთავრდება.





