ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca 2030 წლამდე ჩინეთში 15 მილიარდ დოლარს ჩადებს, მიზანი მედიკამენტების წარმოება და კვლევების განვითარებაა. ამის შესახებ კომპანიამ ხუთშაბათს განაცხადა, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პეკინში იმყოფებოდა.
ესაა ამ ვიზიტის ფარგლებში დადებული ყველაზე დიდი გარიგება, რადგან დიდი ბრიტანეთი ცდილობს პეკინთან კავშირების განმტკიცებას ვაშინგტონთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე.
სტარმერმა ფარმაცევტული კომპანიის ინვესტიცია ბრიტანეთისთვის სტიმულად შეაფასა. „AstraZeneca-ს გაფართოება და ლიდერობა ჩინეთში ბრიტანულ მწარმოებელს დაეხმარება ზრდის გაგრძელებაში - რაც დიდ ბრიტანეთში ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ AstraZeneca აშშ-ში დიდ ინვესტიციებს ახორციელებს გასულ წელს 50 მილიარდი დოლარის წარმოების გარიგებით, ის აგრძელებს ბიზნესის განვითარებას სიდიდით მეორე ბაზარზე.
AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიომ განაცხადა, რომ ეს იქნება კომპანიის ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩინეთში, სადაც ის 30 წელზე მეტია ოპერირებს და არის უდიდესი უცხოური ფარმაცევტული მწარმოებელი. ჩინეთი მისი შემოსავლის დაახლოებით 12%-ს შეადგენს.
AstraZeneca-მ სორიოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 2012 წლიდან, ქვეყანაში მილიარდობით დოლარი ჩადო, მათ შორის 2.5 მილიარდი დოლარი ჩაიდო პეკინის კვლევისა და განვითარების ცენტრში გასული წლის მარტში, რაც მეორეა 2024 წელს შანხაიში ობიექტის გახსნის შემდეგ.
ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი გარიგება გააძლიერებს მის შესაძლებლობებს ისეთ მეთოდებში, როგორიცაა უჯრედული თერაპია და რადიოკონიუგატები, სადაც ჩინეთი აღიარებული ლიდერია.
AstraZeneca-მ გარიგებები დადო Harbour BioMed-თან, CSPC Pharmaceutical-თან, Jacobio-სთან და AbelZeta-სთან; შეიძინა Gracell Biotechnologies და ინვესტიცია ჩადო Syneron Bio-ში.
ნოემბერში სორიომ განაცხადა, რომ თუ ინოვაციებს დავაკვირდებით, ისინი აშშ-ში ძალიან სწრაფად ინერგება, ახლა კი ძალიან სწრაფად ხორციელდება ჩინეთში, ევროპაში კი, მისივე თქმით, ისინი არც ისე ბევრია. AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჩინეთი მოიყვანა იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლია ბიოტექნოლოგიური სექტორის განვითარებას ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.





