დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ის წამყვან ბიოტექნოლოგიურ კომპანიასთან Ginkgo Biosecurity თანამშრომლობით, ახორციელებს ერთობლივ საპილოტე პროექტს — „თვითმფრინავის ჩამდინარე წყლების მრავალპათოგენური მეთვალყურეობა“.

ცენტრის ცნობით, კვლევა კონცენტრირებულია თვითმფრინავის ჩამდინარე წყლებში პათოგენების იდენტიფიკაციასა და დინამიურ მონიტორინგზე, მიზნად ისახავს საქართველოში ეპიდემიოლოგიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ადრეული გაფრთხილების თანამედროვე სისტემების გაძლიერებას, ქვეყანაში სხვადასხვა პათოგენის შემოტანის შემთხვევაში მის ადრეულ აღმოჩენას, გავრცელების დაწყებამდე. 


საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა Ginkgo Biosecurity-ის ვიცე პრეზიდენტი და კომპანიის წარმომადგენლები. მათი დახმარებით ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიული დამუშავების მიმართულებით ჩატარდა ტრენინგი და გადამზადდნენ ცენტრის თანამშრომლები.

პროექტის ფარგლებში პირველად საქართველოში ხორციელდება თვითმფრინავებიდან ჩამდინარე წყლების ნიმუშების აღება და ტესტირება.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება აეროპორტების გაერთიანების, TAV Georgia-ს და Georgian Airways-ის აქტიური მხარდაჭერით.