დანიური ფარმაცევტული კომპანიის Novo Nordisk-ის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის Ozempic-ის გაყიდვები ჩინეთის რეგიონში გასულ წელს პირველად შემცირდა. მიზეზი ამ ბაზარზე კონკურენციის ზრდაა.

როგორც Reuters-ი წერს, გაყიდვების კლება დანიური გიგანტის ნეგატიურ პერსპექტივებზე მეტყველებს.

კომპანიის განცხადებამ მოგების პოტენციური კლების შესახებ ბაზარი შოკში ჩააგდო, რადგან ამით ორნიშნა ზრდის მრავალწლიანი პერიოდო დასრულდა. მიზეზად „უპრეცედენტო საფასო ზეწოლა“ სახელდება.

Ozempic-ის საინექციო კალმების გაყიდვები კონტინენტურ ჩინეთში, ტაივანსა და ჰონგ-კონგში - Novo-ს უდიდეს ბაზარზე აშშ-ს შემდეგ - 2025 წელს 7%-ით შემცირდა და დაახლოებით 853 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კომპანიის წლიური ანგარიშების თანახმად, Ozempic-ი ჩინეთში პირველად 2021 წელს დაამტკიცეს და გასულ წლამდე იქ გაყიდვების განუხრელი ზრდა ფიქსირდებოდა.

თუმცა, მას შემდეგ ჩინეთმა სხვა მწარმოებლების მსგავსი პრეპარატები დაამტკიცა, მათ შორის Eli Lilly-ის Mounjaro, Innovent Biologics-ის mazdutide და Guangzhou Innogen-ის ეფსუბაგლუტიდ ალფა.


Ozempic-ის მსგავსად, Innogen-ისა და Lilly-ის მედიკამენტები, გასულ თვეში ჩინეთის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის სქემას დაემატა მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის.

კიდევ ერთმა ჩინურმა კომპანია Sciwind Biosciences-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ მისი 2 ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალება Xianyida ქვეყანაში გამოსაყენებლად დამტკიცდა.

„Ozempic-ით ჩვენ ძალიან ძლიერი პოზიცია გვაქვს ბაზარზე, თუმცა ჯერ კიდევ დაბალი შეღწევადობაა და ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე კონკურენცია უფრო მეტად შემოდის“, - განუცხადა Novo-ს ფინანსურმა დირექტორმა კარსტენ მუნკ კნუდსენმა Reuters-ს.

ინვესტორებისთვის მომზადებული პრეზენტაციის თანახმად, დიდი ჩინეთის რეგიონი მის საერთაშორისო ოპერაციებში 2025 წლის გაყიდვების 14%-ს შეადგენდა, აშშ-ის ბაზრის გამოკლებით.