აშშ-ის ჯანმოდან გასვლის პროცესი 12 თვის შემდეგ დაიწყება და ორგანიზაციის ბიუჯეტის 18%-ს შეეხება. ამის შესახებ Euronews-ი წერს. მისივე ინფორმაციით,  ვაშინგტონი არა მხოლოდ შეწყვეტს ჯანმოს დაფინანსებას, არამედ გაიწვევს საკუთარი პერსონალს და იმ კონტრაქტორებს, რომლებიც ჯანმოსთან თანამშრომლობენ.

Euronews-ი ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის მიერ მისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ჯანმოს შეწყვეტილი წევრობა ბაიდენმა აღადგინა.

შეგახსენებთ: აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს.

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ, აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში დასახელებულია ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზები, მათ შორის ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა.

აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო აგრძელებს უსამართლოდ მძიმე გადახდების მოთხოვნას აშშ-სგან.

„როცა თეთრ სახლში პირველად ვიყავი, ჩვენ ჯანმოს 500 მილიონს ვუხდიდით, და მაშინ გადავწყვიტე, ამისთვის წერტილი დამესვა. ნახეთ, რა უსამართლობაა - ჩინეთი ჯანმოში 39 მილიონს იხდის, ჩვენ კი - 500 მილიონს, ამასთან, ჩინეთი უფრო მსხვილი ქვეყანაა,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

„ინტერფაქსი“ კი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ტრამპის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ პეკინმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჯანმოს მხარდაჭერას გააგრძელებს.  


რუსული სააგენტო აზიურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს: „ჩინეთი, ისევე როგორც ამას ადრე აკეთებდა, კვლავ მხარს დაუჭერს ჯანმოს მის მისიებში.“


საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ეს აუცილებელია „მთელი კაცობრიობის ჯანმრთელობისთვის.“ „ჯანმოს როლი უნდა გაძლიერდეს და არა შესუსტდეს,“ - განაცხადა მან.