შვიდ ქვეყანაში ექიმებმა მსოფლიოში პირველი, ფილტვის კიბოს ვაქცინის კლინიკური კვლევა დაიწყეს. ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, mRNA-ს ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა შეიძლება ქიმიოთერაპიის ალტერნატივა გახდეს, რადგან ის ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს.

როგორც „გარდიანი“ წერს, ვაქცინა, რომლის გამოცდაც ახლა მიმდინარეობს, ადამიანის ორგანიზმს ასწავლის, როგორ უნდა მოძებნოს და გაანადგუროს კიბოს უჯრედები, შემდეგ კი ხელს უშლის დაავადების ხელახლა განვითარებას.

BNT116-ის სახელით ცნობილი BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (NSCLC) სამკურნალოდაა, რომელიც ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ვაქცინის პირველი ფაზის კლინიკური კვლევა შვიდი ქვეყნის 34 კვლევით ცენტრში დაიწყო. ესენია: გაერთიანებული სამეფო, აშშ, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესპანეთი და თურქეთი. მთლიანობაში, კვლევაში დაახლოებით 130 პაციენტი ჩაერთვება.

როგორც „გარდიანი“ წერს, ფილტვის კიბოს ვაქცინა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მსგავსად მუშაობს და ადამიანის ორგანიზმს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებს. მისი მიზანია, გააძლიეროს ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხი კიბოზე, ხოლო ჯანმრთელი უჯრედები ხელშეუხებლად დატოვოს.

როგორც სტატიაში ნათქვამი, ამ ვაქცინას არ აქვს ისეთი ტოქსიკური ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, როგორც ქიმიოთერაპიას, რომელიც ხშირად აზიანებს არა მხოლოდ კიბოს, არამედ ჯანმრთელ უჯრედებსაც.

1tv.ge