GMP სერტიფიკატის მიღებას კიდევ ორი საწარმო - „ბიოფარმი“ და „ოფიცინა“ ელოდება. ისინი სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით ამ ეტაპზე საწარმოების რეკონსტრუქციას ახორციელებენ.  

ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა. 


„ბიოფარმი“ თბილისში, გოთუას ქუჩაზე მდებარეობს, „ოფიცინა“ კი რუსთავში ფუნქციონირებს. 
 შეგახსენებთ, რომ GMP-სერტიფიკატი საქართველოში ბოლოს „ბიოქიმფარმმა“ მოიპოვა. ის ამ სტატუსის მქონე მეოთხე საწარმო გახდა. 

GMP, იგივე „კარგი საწარმოო პრაქტიკის“ სტანდარტი ფაგების მწარმოებელმა „ბიოქიმფარმმა“ გასულ წელს დააკმაყოფილა და 15 სექტემბერს შესაბამისი სერტიფიკატიც მიიღო. მანამდე ეს სერტიფიკატი მიიღეს „ავერსი რაციონალმა “, „ჯი ემ ფარმასიუთიქალმა “ (PSP-ს საწარმო) და ანტიბიოტიკების მწარმოებელმა კომპანია „აბიფარმმა“.

შეგახსენებთ, რომ GMP ვალდებულება საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული საწარმოებისთვის 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

ესაა სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხის, წარმოებისთვის უსაფრთხო შენობა-ნაგებობების, მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების, წყლის და ჰაერის ვენტილაციის სისტემის დანერგვას და სხვა მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.


რეგულაციის ამოქმედებამდე ქვეყანაში ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი 50-მდე საწარმო ფუნქციონირებდა. 

jandacva.ge